კალაძის მტკიცებით, განსხვავებული აზრის გამო „მტრის" იარლიყის მიკერებას ოპონენტები ცდილობენ

პუბლიკა

თბილისის მერი და „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამტკიცებს, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ცდილობენ, „განსხვავებული აზრის მქონეებს მტრის იარლიყი მიაკერონ”.

„დღეს ჩვენ ვუყურებთ აგრესიულ კამპანიას, რომელიც აგებულია საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების, ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე პირისთვის ქვეყნის მტრის იარლიყის მიკერების მცდელობაზე. მათი ლოზუნგია -„ვინც ჩვენთან არ არის, ის ქვეყნის მტერია“. – თქვა მან Facebook Live ვიდეოში.

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ამას ამბობს იმის ფონზე, რომ სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, აქტივისტების, ჟურნალისტების სახლებსა და ოფისებთან სიძულვილის წარწერებს აკეთებენ.

უკვე მესამე დღეა, მათ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებთან, კედლებსა და კარებზე ჩნდება წარწერები „აგენტი”, „მტერი”, „მოღალატე”.

ასევე, რამდენიმე დღეა, როგორც უცხოური, ისე ქართული ნომრებიდან ურეკავენ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან და მათ აგნებენ. მათ შორის, ურეკავენ ბავშვებსაც.