კალაძის მტკიცებით, საახალწლო ბაზრობაში მონაწილეობაზე უარი 9 კომპანიამ განაცხადა

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო სოფელი 21 დეკემბერს გაიხსნება.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ის გამოეხმაურა იმ მეწარმეების განცხადებას, რომლებიც უარს ამბობენ საახალწლო ბაზრობაში მონაწილეობაზე.

კალაძის მტკიცებით, ამ კომპანიებიდან მხოლოდ 9-ს ჰქონდა განაცხადი გაკეთებული ბაზრობაში მონაწილეობაზე.

„გასულ კვირაში სხვადასხვა ვებგვერდზე გამოქვეყნდა სია, თითქოს, 200-მდე მეწარმემ, რომელიც დარეგისტრირებული იყო „საახალწლო სოფელში“, უარი თქვა მონაწილეობის მიღებაზე. ეს არის ტყუილი. ზოგადად, წელს 800-ზე მეტ კომპანიას ჰქონდა მოთხოვნა, ვისაც „საახალწლო სოფელში“ ჩართვა უნდოდა. ცხადია, ყველას დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებთ. ბოდიში მინდა, მოვუხადო მათ, ვინც წელს „საახალწლო სოფელში“ ვერ მოხვდა. რაც შეეხება იმ 200 კომპანიას, ჩვენ დავინტერესდით, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა აღნიშნული ინფორმაცია. როდესაც დავიწყეთ გადამოწმება, აღმოჩნდა, რომ ამ 200 კომპანიიდან მხოლოდ 9 კომპანიას ჰქონდა განაცხადი გაკეთებული მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. შემდეგ ამ 9 კომპანიამ განაცხადა უარი. ასე რომ, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს“, – განაცხადა კალაძემ.

გასულ კვირას ინტერნეტში გავრცელდა იმ მეწარმეების სია, რომლებმაც საშობაო ბაზრობებში მონაწილეობაზე უარი თქვეს.