კალაძის თქმით, 24 აპრილიდან დედაქალაქის ქუჩები სისტემატურად მოირეცხება

პუბლიკა

24 აპრილიდან დედაქალაქის ქუჩების ინტენსიური დასუფთავება დაიწყება – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, „თბილსერვის ჯგუფი”, განახლებული ტექნიკით, ქუჩებს სისტემატურად მორეცხავს.

მისივე განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში მერია დახმარებას შინაგან საქმეთა სამინისტროსაც სთხოვს.

„მხედველობაში მაქვს სახანძრო მანქანები, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურად ბევრ ქუჩაზე მოვახერხებთ დასუფთავების სამუშაოების წარმოებას. ორშაბათიდან, 24 აპრილიდან დავიწყოთ სამუშაოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის, დავით ფაჩულიას განცხადებით, უკვე შეძენილია ახალი ტექნიკა, რომლის მეშვეობით სამუშაოები ყოველ ღამით, გათენებამდე იწარმოებს.

„წელს, შარშანდელთან შედარებით, კარგი მდგომარეობა გვაქვს. შევიძინეთ, დაახლოებით, 15 ერთეული სპეცტექნიკა. წელს, შარშანდელისგან განსხვავებით, 20 ერთეული გამართული სპეცტექნიკით შევხვდებით ზაფხულს. ყოველდღიურ რეჟიმში მოირეცხება ასზე მეტი ქუჩა, გზატკეცილები, პანდუსები, გვირაბები, ხიდები, ასევე, როგორც პირველი, ისე მეორე კატეგორიის ქუჩები. ეს არ იქნება ერთჯერადი, არამედ გაგრძელდება მთელი ზაფხულის განმავლობაში, ყოველდღიურად.

სამუშაოები დაიწყება ღამით, 00:00 საათიდან და გაგრძელდება 07:30 საათამდე. ტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემა გადაჭრილია. შარშან, ასევე, ძალიან დიდი პრობლემა იყო ის ფაქტი, რომ ქალაქს ჩვენივე ტექნიკა აბინძურებდა, წელს ეს პრობლემაც აღარ გვაქვს, შეძენილია კერხერებიც და სპეცტექნიკაც“, – განაცხადა დავით ფაჩულიამ.