თბილისის მოქმედი მერის და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, 27 სექტემბრიდან თბილისში ახალი 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს.
მისივე თქმით, ავტობუსები სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება.
მერიის ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 111.1 მლნ ევროს შეადგენს.
„200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც გასულ წელს შევისყიდეთ, უკვე თბილისშია და მზადაა, დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახუროს. ძალიან მიხარია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოვახერხეთ, სრულად ჩაგვენაცვლებინა ავტოპარკი ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებითა და მიკროავტობუსებით.
27 სექტემბრიდან ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები დაიწყებს ხაზებზე გასვლას და მოემსახურება ჩვენს თანაქალაქელებს, გამოთავისუფლებული 10-მეტრიანი და 12-მეტრიანი ავტობუსები კი სხვადასხვა ხაზზე გადანაწილდება.
[…] დღესდღეობით ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საცობებია, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება კომფორტული გავხადოთ. სწორედ ამიტომ, შესაბამისი კვლევების შედეგების გათვალისწინებით, სადაც შესაძლებელია, ყველგან ვაწყობთ საავტობუსო ზოლებს“, – თქვა კალაძემ.
თბილისის მერიის ცნობით, კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით.
„ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე.
ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით. ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას, ასევე WIFI მოწყობილობას. ავტობუსები დაბალ იატაკიანია და აქვს ოთხი ასასვლელი კარი“, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.