კახა კალაძის თქმით, ავარიული შენობებიდან მოსახლეობის გამოყვანაში გარკვეულწილად პრობლემებს „განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე“ ადამიანები ქმნიან, თანაც მისი აზრით, მიზანმიმართულად.
„ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები მიზანმიმართულად [აფერხებენ] კონკრეტული პროექტის განხორციელებას. არ მინდა დავასახელო სახელი და გვარი იმ ადამიანების, ვინც იყო კონკრეტული შემთხვევები, რომ უკვე, ფაქტობრივად, ყველაფერი შეთანხმებული, მოსახლეობასთან გავლილი და 3-მა ოჯახმა შეაფერხა პროექტის განხორციელება.
ვფიქრობ, მიზანმიმართულად კეთდებოდა ეს, რომ ეს სიკეთე არ მიეღო იქ მცხოვრებ ადამიანებს“, – განაცხადა კალაძემ „იმედის“ ეთერში.
წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ, თუ რა აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პოლიტიკური შეხედულების გამო უწყობდნენ ავარიული სახლებიდან გაყვანას საბოტაჟს, კალაძემ განაცხადა, რომ არის კონკრეტული შემთხვევები.
„კონკრეტული გადაწყვეტილებები. როდესაც, მაგალითად, სადაც 30 ოჯახი ცხოვრობს და 27 ოჯახი ხელს აწერს და მზად არის იმისთვის, რომ ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში და 3 ოჯახი, რომ ვიცით მათი პოლიტიკური შეხედულებები და კონკრეტულად საუბრობდნენ იმას, აი, მიშა გამოვა და მიშა აგვიშენებს ჩვენ სახლს, წარმოუდგენელია“, – თქვა კალაძემ.