თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში, იმ სატრანსპორტო კვანძზე, სადაც დიდია ავტომობილების ნაკადი და შუქნიშნით რეგულირების მიუხედავად პრობლემურია გზაჯვარედინის გადაკვეთა, საგზაო კვადრატების ქსელი, ე.წ. yellow box დაიხაზება.
კალაძის თქმით, Yellow box-ის საჭიროება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ შუქნიშანზე, მწვანე მაშუქის შემთხვევაშიც კი მძღოლი გადადის გზაჯვარედინზე, ჩერდება და აბრკოლებს მოძრაობას.
„ალბათ, ყველას, ვინც საჭესთან ვართ, შევსწრებივართ შემთხვევებს, როდესაც გზაჯვარედინზე ანთებულია მწვანე, მაგრამ წინ გადაადგილება შეუძლებელია, მძღოლები მაინც ცდილობენ გზაჯვარედინზე გასვლას, ამით კი სხვა მიმართულებით მოძრავი ავტომობილების მძღოლებს არ აძლევენ გადაადგილების შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას იწვევს ყველა მიმართულებით.
ყოველდღიურად გვხვდება მოძრაობის ასეთი ჩაკეტვა, რასაც ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება და პრობლემად იქცევა. შესაბამისად, ეს საჭიროებს დარეგულირებას. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ შუქნიშანზე მწვანე მაშუქის შემთხვევაშიც კი, მძღოლი არ უნდა გადავიდეს გზაჯვარედინზე, თუ ის, სავარაუდოდ, გაჩერდება და დააბრკოლებს მოძრაობას, თუმცა რთულია ადმინისტრირება და ამ ნაწილში კანონის აღსრულება.
საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ გზაჯვარედინებზე ძალიან კარგად მუშაობს საგზაო კვადრატების ქსელი (ე.წ. Yellow box). ბევრ ქვეყანაში ეს აპრობირებული მეთოდია იმ სატრანსპორტო კვანძებზე, სადაც დიდია ავტომობილების ნაკადი და, შუქნიშნით რეგულირების მიუხედავად, პრობლემურია გზაჯვარედინის გადაკვეთა. ამ ტიპის პრობლემების მოგვარება მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით.
შესაბამისად, მინდა, დავავალო ჩვენს სამსახურს – თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს, დაიწყონ მუშაობა ამ საკითხებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტა დაგვეხმარება იმაში, რომ გარკვეულწილად მძღოლებს გადაადგილება შევუმსუბუქოთ“, – თქვა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კალაძემ ისაუბრა ბოლო წლებში თბილისში გაზრდილი კერძო ავტომობილების რაოდენობის შესახებაც და თქვა, რომ სტატისტიკის თანამხმად, პიკის საათში ქალაქში 900 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება.
„თბილისში ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა და ქალაქში გადაადგილება, განსაკუთრებით კონკრეტულ უბნებსა და რაიონებში, პრობლემურია და გვაქვს საცობები. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, რამდენი ავტომობილი გადაადგილდებოდა, პირობითად 2012 წლამდე, ეს იყო, დაახლოებით, 180 000 კერძო ავტომობილი, დღეს კი უკვე პიკის საათში 900 000-მდე ავტომობილი მოძრაობს, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა და სერიოზული გამოწვევაა“, – თქვა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მოძრაობის განტვირთვის მიმართულებით დაწყებულია მთელი რიგი ღონისძიებები – „ჭკვიანი“ შუქნიშნების დანერგვა, კონკრეტული პრობლემური არეალების მოწესრიგება, საგზაო კვადრატების ქსელის შექმნა და ა.შ.