თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პირველი მაისიდან „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამას ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რასაც თბილისის მერია დააფინანსებს.
მისი თქმით, თბილისის მერია ერთი პაციენტის დასაფინანსებლად, 10-დან 235 ათას ლარამდე თანხას გამოყოფს.
„4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თბილისის მერია ამ ვერაგ სენთან ბრძოლაში მუდმივად მოსახლეობის გვერდით დგას და სიმსივნური დაავადებების როგორც სკრინინგულ, ისე მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
ბიუჯეტში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულებას. გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლითაც ვეხმარებით იმ ოჯახებს, ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა“, – თქვა კალაძემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით, ადმინისტრირებას უწევს „დაავადებათა სკრინინგის“, „ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის“ და „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამებს, ასევე, „სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, აფინანსებს ონკოპაციენტების სხვადასხვა მოთხოვნას.
„2025 წელს „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში 150 367 შემთხვევა დაფინანსდა, აქედან დიდი წილი – 142 203 თბილისის მერიის „ეროვნულ სკრინინგ ცენტრზე“ მოდის. უახლოეს მომავალში, „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამას მეექვსე სახის კვლევა – ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რაც ასევე სრულად დაფინანსდება. აღნიშნული პროგრამა 1 მაისიდან ამოქმედდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – თქვა კახა კალაძემ.
„ძვლის ტვინის გადანერგვის“ პროგრამაზე საუბრისას, კალაძემ აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს 100-მდე შემთხვევა დაფინანსდა, რისთვისაც საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში, დაახლოებით, 7 700 000 ლარი გადაირიცხა.