„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ამ სანქციების არავის ეშინია და სანქციებზე საუბარი ღიმილისმომგვრელია.
„არავის არ ეშინია ამ სანქციების“ – განაცხადა მან.
შეკითხვაზე, მიუვიდა თუ არა სანქცირების შეტყობინება, თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს:
„არანაირი შეტყობინება, ეს არის არასერიოზული, ყველაფერი, რაც ხდება და ღიმილისმომგვრელი […] უბრალოდ ღიმილისმომგვრელია სანქციებზე საუბარი, არ ვიცით, შეიძლება, 100 [ადამიანია დასანქცირებული], შეიძლება, 200, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ვდგავართ ქვეყნის სადარაჯოზე. […] ვიღაცისთვის, შეიძლება, სადღაც წასვლა ან არწასვლა პრობლემას წარმოადგენდეს, ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ქვეყანაზეა საუბარი“, – თქვა მან.
კალაძე, ისევე როგორც, „ოცნების“ სხვა წევრები, საუბრობს კონსპირაციაზე, თითქოს საქართველოს ინტერესებს და მშვიდობას ვინმე საფრთხის ქვეშ აყენებს და ამტკიცებს, რომ ხელისუფლება „ქვეყნის სადარაჯოზე“ დგას.
აქვე კალაძემ განაცხადა, რომ შტატებიდან შემოსული დაფინანსების 80% „აშშ-ის აგენტურას“ ხმარდება, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-სთან თანამშრომლობის, მეგობრობისა და „სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვისთვის“ მზადაა.
„ვიზა არ მაქვს ამერიკის, ბოლოს იქ ვიყავი, როდესაც მილანში ვთამაშობდი, მის მერე არ ვყოფილვარ და წასვლის სურვილიც არ მაქვს. არ ვნერვიულობ ამასთან დაკავშირებით. ღმერთს ვთხოვ ამაზე მეტი სანერვიულო არ მომცეს. ჩემი თხოვნა იქნება ნურც თქვენ ინერვიულებთ. სანქციების საბაბი არ არსებობს“, – დასძინა მან.
სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში რუსული კანონის მხარდაჭერისთვის სანქციების პირველი პაკეტი გამოაცხადა. ამის შესახებ სახდეპში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
სანქცია გულისხმობს სავიზო შეზღუდვებს და ის შეეხება „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვანებს და კერძო პირებს. საერთო ჯამში, 30-მდე ადამიანს.
მეთიუ მილერს კონკრეტული პირები და სახელები არ დაუკონკრეტებია და განაცხადა, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობა სახელების გაჟღერების უფლებას არ აძლევს.
მილერის თქმით, საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ შეცვალოს ის ტრაექტორია, რომელზეც არის. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სანქციების პირველი ტრანში მხოლოდ რუსული კანონის გამო არ ამოქმედებულა.