კალაძის თქმით, თუ საჭიროა, დიპლომატებსაც უნდა მოუსმინონ

პუბლიკა

„უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება, მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში. ყველა ქვეყანაში ეს ასე ხდება. შესაბამისად, ჩვენი სამსახურიც უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვინც სჭირდებათ და ვინც მოსასმენია. რა თქმა უნდა, ყველაფერი კანონის ფარგლებში“, – განაცხადა თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე სა­უბ­რი­სას.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, მათ შორის დიპლომატებსაც?

„თუ ასეა საჭირო, კი“, უპასუხა კახა კალაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი ფაილებიდან იკვეთება, რომ სამსახური უსმენს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც.

მედიაში გავრცელებული მასალებიდან, ირკვევა, რომ ფაილებში არსებული ინფორმაციით, ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმსახურებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებს, ასევე, როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით მასალა მოამზადა ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთმაც“, რომელშიც ნათქვამია, რომ არსებობს არაერთი ჩანაწერი ტექსტის სახით, რომლებიც პირდაპირ მიანიშნებენ ფარულ მიყურადებაზე უშუალოდ საელჩოს წარმომადგენელთა მიმართ.

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.