კალანდარიშვილი: ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სატელეფონო შეტყობინებები მიიღეს მოწოდებით, რომ დატოვონ სამსახური

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ერთი და იგივე ნომრიდან მიიღებს სატელეფონო შეტყობინებები, რომლითაც მათ მოუწოდებენ, დატოვონ სამსახური. კალანდარიშვილი ამბობს, რომ ცესკო გამოიყენებს ყველა სამართლებრივ გზას თანამშრომლების უფლებების დასაცავად.

„საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება. ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამშრომელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინებები, რომლითაც მოუწოდებენ მათ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, დატოვონ სამსახური და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ. სატელეფონო შეტყობინება თანამშრომლებმა ერთი და იგივე ნომრიდან მიიღეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა შემთხვევაში მითითებულია ადრესატის სახელი, რაც ადასტურებს, რომ შეტყობინების ავტორისთვის ცნობილია ჩვენი კოლეგების შესახებ პერსონალური ინფორმაცია და მათი ვინაობა“, – თქვა კალანდარიშვილმა.

 

მისივე განცხადებით, „ეს ყველაფერი დაიწყო დაახლოებით გუშინ შუადღით და გრძელდებოდა მთელი საღამოს განმავლობაში“. კალანდარიშვილი ამბობს, რომ არ გამორიცხავენ, „ზემოთ ხსენებული ფაქტიც წარმოადგენს ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და მისი დისკრედიტაციის კამპანიების ნაწილს, რომლებიც წლებია მიზანმიმართულად ხორციელდება“.