განახლება: მარნეულის 69-ე უბანი დაიხურა. შსს-მ გამოძიება არჩევნების გაყალბების მუხლით დაიწყო.
ცესკოს თავმჯდომარე ეხმაურება მარნეულში ბიულეტენების ჩაყრის შესახებ გავრცელებულ კადრებს და მოუწოდებს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას, „სიტუაციაში გაერკვეს“.
„ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და ადმინისტრაცია არ დაუშვებს ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც ჩვენ კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით ჩავდეთ.
მე მინდა, სასწრაფო წესით მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას, გაერკვეს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, სანამ მოხდება ამ ფაქტის დადასტურება, შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აღნიშნულთან დაკავშირებით.
მივმართავ მარნეულის საარჩევნო საოლქო კომისიას, სასწრაფო წესით მოახდინოს საკითხში გარკვევა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება აღნიშნულ საარჩევნო უბანთან დაკავშირებით”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
დღეს გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩაყარეს. ისინი, სავარაუდოდ, სადახლოს გამგებელმა როვშან ისკანდაროვმა ჩაყარა.