ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი მისთვის საღებავის შესხმაზე ამბობს, რომ ცესკოს წევრი ენმ-დან, დავით კირთაძე მანამდეც გამოირჩეოდა „პროვოკაციებით” და სამუდამოდ „ჩამოიკიდა ეს სახელი”
„ის რაც დღეს ვნახეთ ჩვენ, ეს არის სახე ამ კონკრეტული ადამიანის ბოროტების, კიდევ ერთხელ, ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში, რომელმაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ და სამუდამოდ ჩამოიკიდა ის სახელი, რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
დღეს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს სახეზე შავი საღებავი შეასხეს.
ცესკოს სხდომა, სადაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა შეაჯამონ, რამდენიმე წუთის დაწყებული იყო.
სიტყვას ცესკოს წევრი ენმ-დან, დავით კირთაძე ამბობდა. მან კალანდარიშვილს მიმართა, „თქვენ თავმჯდომარესაც ვერ გიწოდებთ, თქვენ ხართ „ტოჩკა.რუ”.
ცესკოს თავმჯდომარემ მას სიტყვა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ მისი განცხადება არაფერ შუაშია შემაჯამებელ სხდომასთან, შემდეგ კი უთხრა: „არ მაიძულოთ, დაგატოვებინოთ დარბაზი”.