კალაში დაგეგმილი მშენებლობები საფრთხეს უქმნის თბილისის ისტორიულ ნაწილს - „მემკვიდრეობის პლატფორმა“

პუბლიკა

„მემკვიდრეობის პლატფორმა“, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს აერთიანებს, ძველ თბილისში ოქრომჭედლების ქუჩის მიმდებარედ დაგეგმილ მშენებლობებს ეხმაურება და მერიის მიერ ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის მართვის პოლიტიკას აკრიტიკებს. მემკვიდრეობის პლატფორმის განცხადებით, თბილისის ისტორიული ნაწილი საფრთხეშია.

პლატფორმის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2001 წელს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა აღიარა თბილისის ისტორიული ნაწილის „გამორჩეული უნივერსალური ფასეულობა“, მას შემდეგ, საქართველომ ვერ მოახერხა შეექმნა სათანადო საკანონმდებლო ჩარჩო და მართვის სტრუქტურა, თბილისის ისტორიული ნაწილი კი ნადგურდება.

„უპრეცედენტო მასშტაბის ჩარევების – რიყის მუსიკალური ცენტრი, იუსტიციის სახლი, საქანელას და მირზაშაფის ქუჩების განვითარება, თბილისი პანორამა და სხვა – შედეგად ხელყოფილია ძველი თბილისის მთლიანობა, ქრესტომათიული ხედები, პერსპექტივები და გეგმარებითი სისტემა, ურბანული ლანდშაფტი, ბუნებრივი გარემოცვა.

ბოლო წლებში განსაკუთრებულად საგანგაშო სიტუაცია შეიქმნა თბილისის შუასაუკუნეების პერიოდის ბირთვში, კალაში, სადაც ე.წ. უსტატუსო თუ სტატუსიანი ნაგებობების ნგრევისა და ჩანაცვლების სისწრაფე უკონტროლო და აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.

ამჟამად, ზემო კალაში, ოქრომჭედლების ქუჩის მიმდებარე კვარტალში დაგეგმილი ახალი მშენებლობები ნათლად აჩვენებს, რომ იგნორირებულია ისტორიული ქალაქის მთლიანობის მნიშვნელობა და მისი შენარჩუნების აუცილებლობა.

ზოგადი დაცვის ზონები იქმნება იმიტომ, რომ ამ ზონებში შესანარჩუნებელია არა მხოლოდ ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობები, არამედ ქუჩათა ქსელი, არქიტექტურული ქსოვილი, პერსპექტივები. ისტორიულ ნაწილში დაცული უნდა იყოს ისტორიული ნაგებობების უმეტესობა და ჩანაცვლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში“, – აცხადებს „მემკვიდრეობის პლატფორმა“.

პლატფორმის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდის კვლევებისას გამოჩნდა, რომ ისტორიული თბილისის არეალში დაცულია აქამდე უცნობი კულტურული და ქრონოლოგიური ფენები, რისი დაკარგვად დაუშვებელია.

პლატფორმის განცხადებით, თბილისის ისტორიული ნაწილის დასაცავად არსებობს გარკვეული ინსტრუმენტები, დამცავი ზონები, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის ნაგებობების რეესტრი და სხვ. მაგრამ პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, ამ ინსტრუმენტებს არ იყენებენ.

„თბილისის მერიას, რომელსაც დელეგირებული აქვს მთავრობისგან ისტორიული ნაწილის დაცვისა და მოვლის უფლებამოსილებანი, არ გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური და ისტორიულ ნაწილში პროცესებს მხოლოდ საზოგადოებრივ საწყისებზე მოქმედ კომისიაზე დაყრდნობით და თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდის საშუალებით მართავს.

დღეს, რეალურად, თბილისის მერია ისტორიული ნაწილის მართვისთვის მხოლოდ ნებართვების გაცემის პროცედურას იყენებს, რომელიც მთლიანად არის დაცლილი შინაარსისგან.

ამ პროცედურებში არცერთ ეტაპზე არ გამოიყენება  თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების რეჟიმი და ურბანული კონსერვაციის საბაზისო საერთაშორისო პრინციპები.

არ ხორციელდება მემკვიდრეობის დაცვისთვის აუცილებელი ციკლი: მონიტორინგი, კვლევა, ანალიზი, დაგეგმვა. ასეთ ვითარებაში მერიის ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაციის პოზიტიური მიზნების მქონე პროგრამები ფრაგმენტულია და ვერ უზრუნველყოფს ისტორიული ქალაქის, როგორც ურბანული ფენომენის შენარჩუნებას.

ასეთი შინაარსისგან დაცლილი პროცესის ფონზე ლეგიტიმურია პროფესიული საზოგადოების შეშფოთება მერიის ახალი ინიციატივის, ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამის მიმართ და  მოსალოდნელი შედეგების შიში“, – ნათქვამია „მემკვიდრეობის პლატფორმის“ განცხადებაში.

პლატფორმა მოუწოდებს თბილისის მერიას:

  • დაუყოვნებლივ შეიმუშაოს კალას დეტალური კონსერვაციის გეგმა, რომელიც გამორიცხავს ისტორიული ქსოვილის მთლიანობის რღვევას და გაქრობას;
  • დაიწყოს მუშაობა ურბანული კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის მართვის სისტემაზე და პირველ რიგში, შექმნას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამსახური;
  • ხელი შეუწყოს მოქალაქეებისა და პროფესიული ორგანიზაციების ჩართულობას თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში.

„მემკვიდრეობის პლატფორმის“ განცხადებას ხელს აწერენ მასში შემავალი სამოქალაქო ორგანიზაციები:

„ICOMOS საქართველო“
„საქართველოს ეროვნული ფონდი“
„ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულო კომიტეტი“
„საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია“
„სათემო განვითარების ცენტრი“
ICOM Georgia
„ჩემი ქალაქი“
„საზოგადოება ბათომი“
„მწვანე ალტერნატივა“
„ქართული სახლი“
„სოლიდარობის მუზეუმი“
„მდგრადი კავკასია“