კალასი ადასტურებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკების ფარგლებში საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ადასტურებს, რომ რუსეთთან უკრაინის შესახებ მოლაპარაკების ფარგლებში მოითხოვს რუსული სამხედროების რაოდენობის შემცირებას და მათ გაყვანას მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის საქართველოდან.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე კაია კალასმა თქვა, რომ ეს მოთხოვნა კეთდება „მოლაპარაკებების პროცესში გარკვეული ბალანსის შესაქმნელად და ფოკუსის იმ პრობლემაზე გადასატანად, რასაც რუსეთის მიერ მეზობლებზე თავდასხმების გაგრძელება ჰქვია“.

„რუსეთს ოკუპირებული აქვს მრავალი ტერიტორია და მათი ძალები განლაგებულია სხვადასხვა ადგილას, როდესაც საქმე ეხება საქართველოსა და მოლდოვას. ასე რომ, დიახ, ცხადია, გრძელვადიანი მშვიდობისთვის აუცილებელია, რომ მათ დატოვონ ყველა ოკუპირებული ტერიტორია, სადაც არიან. რა თქმა უნდა, ზოგი ამბობს, რომ ეს მოთხოვნები არარეალისტურია, მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელები: რუსული მხარის მოთხოვნები სრულიად არარეალისტურია.

ვგულისხმობ იმას, რომ ისინი დიპლომატიური გზებით ითხოვენ იმ ტერიტორიებს, რომლებიც სამხედრო თვალსაზრისითაც კი არ დაუპყრიათ. ასე რომ, ეს კეთდება მოლაპარაკებების პროცესში გარკვეული ბალანსის შესაქმნელად და ფოკუსის იმ პრობლემაზე გადასატანად, რასაც რუსეთის მიერ მეზობლებზე თავდასხმების გაგრძელება ჰქვია“, – განაცხადა კაია კალასმა.

„რადიო თავისუფლებამ“ 17 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაავრცელა განსახილველი დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ის დამთმობი ნაბიჯები, რომლებიც რუსეთმა უნდა გადადგა უკრაინასთან მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, რომელშიც მედიატორის როლს აშშ ასრულებს.

კაია კალასის დოკუმენტის მოთხოვნები მოიცავს რუსული ჯარების რაოდენობის შემცირებას და მათ გაყვანას მეზობელი ქვეყნებიდან, რეპარაციების გადახდასა და საზოგადოების დემოკრატიზაციის აუცილებლობას.

არც ევროკავშირი და არც მისი წევრი ცალკეული ქვეყანა არ მონაწილეობს უკრაინასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში.

როგორც „რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი წერს, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინისთვის გაწეული დახმარების უდიდეს ნაწილს სწორედ ევროკავშირი აფინანსებს, ხოლო პოტენციური 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მოიცავს ბრიუსელის მკაფიო კომპეტენციებს (მაგალითად, უკრაინის წევრობას ევროკავშირში 2027 წლისთვის), ევროპელი ლიდერები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მოლაპარაკებებში პოლიტიკური გავლენის ნაკლებობის გამო.

დოკუმენტი, სათაურით „ევროპის ძირითადი ინტერესები ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისა და კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება ვერ მიიღწევა „მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროკავშირის ყოფნისა და მისი ძირითადი ინტერესების გათვალისწინების გარეშე“.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, კაია კალასის დოკუმენტში ნათქვამია:

  • თუ უკრაინამ უნდა შეზღუდოს ჯარების რაოდენობა ან გამოიყვანოს ისინი გარკვეული ტერიტორიებიდან (რაც აშშ-ის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში განიხილება), მაშინ რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს. დოკუმენტი ასევე მოითხოვს, რომ არ მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების „დე იურე“ აღიარება და ეს ტერიტორიები იყოს დემილიტარიზებული იყოს.
  • ევროკავშირი მოითხოვს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დეზინფორმაციული კამპანიები, საბოტაჟი, კიბერშეტევები, საჰაერო სივრცის დარღვევა და ჩარევა არჩევნებში ევროპის ტერიტორიასა და მეზობელ ქვეყნებში.
  • კიდევ ერთი მოთხოვნა ითვალისწინებს ბელორუსში ბირთვული იარაღის არარსებობას და რუსული სამხედრო ყოფნის აკრძალვას ბელორუსში, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში – რუსული ჯარები ათეულობით წლებია, დგანან ამ ქვეყნების ოკუპირებულ რეგიონებში: აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონსა და დნესტრისპირეთში, ასევე ბაზებზე სომხეთსა და ბელორუსში.
  • ევროკავშირი მოითხოვს, რომ არ მოხდეს ომის დანაშაულების საყოველთაო ამნისტია, საერთაშორისო გამომძიებლებს მიეცეთ წვდომა სავარაუდო დანაშაულის ადგილებზე და რუსეთის შიდა კანონმდებლობა არ დადგეს საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მაღლა.

ტექსტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა აანაზღაუროს ზარალი და წვლილი შეიტანოს უკრაინის აღდგენაში, ასევე აანაზღაუროს ევროპული სახელმწიფოებისა და კომპანიებისთვის მიყენებული ზიანი და ეკოლოგიური ზარალი.

დოკუმენტში არის მოთხოვნები რუსეთის შიდა მდგომარეობასთან დაკავშირებითაც.