ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოს არსებულ სიტუაციაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ ბოლო დროს მიღებულ რეპრესიულ კანონებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი კანონები დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიული პოლიტიკის გასამკაცრებლად.
„ეს კანონები რისკის ქვეშ აყენებს სამოქალაქო აქტივისტების საქმიანობას, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელ მედიის არსებობას, ადამიანს უფლებების დაცვას, ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.
ეს ნაბიჯები დამატებით უთხრის ძირს დემოკრატიის საფუძვლებს საქართველოში. მსგავსი ქმედებები ფუნდამენტურად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედია პლურალიზმის მიმართებით და შორს არის იმისგან, რასაც მოველით კანდიდატი ქვეყნისგან. ისინი ნეგატიურ გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირის გზაზე – ამ ფასეულობების დაცვა არ არის მოსალაპარაკებელი საკითხი.
ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოხატოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნების მკაფიო და შეუქცევადი ერთგულება. ამისთვის საჭიროა ძალადობის შეწყვეტა მოქალაქეების წინააღმდეგ, ყველა უსამართლოდ დაკავებული პირის გათავისუფლება, რეპრესიული კანონების შეჩერება, ვენეციის კომისიასთან კონსულტაციის გამართვა და სამოქალაქო საზოგადოებასა და ყველა პოლიტიკურ აქტორთან დიალოგში მონაწილეობა, რათა ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე დაბრუნება სრულიად ქვეყნის ხელისუფლების ხელშია”, – ნათქვამია განცხადებაში.