კალასი: გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის დაფინანსების გადამისამართებით

პუბლიკა

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ცნობით, დღეს ბრიუსელში მინისტრების შეხვედრაზე შეთანხმდნენ ქართველი დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის საჭიროებაზე – მან, ასევე, ისაუბრა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს, მათ შორის დაფინანსების გადამისამართებით.

„დღეს შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის საჭიროებაზე და კომისია შესაბამის წინადადებას უკვე წელს წარადგენს. ასევე განვიხილეთ იმ ქართველი ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესება, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი.

მომავალში, გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათ შორის, დაფინანსების ხელისუფლებისგან სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ქართველი ხალხისთვის და დამოუკიდებელი მედიისკენ გადამისამართებით, რადგან საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია”, – განაცხადა მან.

მან აღნიშნა, რომ განხილვა დღეს საქართველოს საკითხის ირგვლივ იყო ინტენსიური და არსებობდა მზაობა მეტის გაკეტებისკენ. თუმცა როგორც კალასი აღნიშნავს, სანქციებისთვის 27-ვე ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობა ამ ეტაპზე არ არსებობს.

„დღევანდელი გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შეჩერებას ეხებოდა. უნდა ვთქვა, რომ იყო ძალიან ინტენსიური განხილვა და მზადყოფნა უფრო მეტის გაკეთებისკენ – ბევრმა აღნიშნა, მოდით, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას და მზად ვართ დამატებითი ნაბიჯების გადასადგმელად. თუმცა, როგორც იცით, სანქციებისთვის საჭიროა 27 წევრის თანხმობა, რაც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გვაქვს. მაგრამ ეს პირველი ნაბიჯია და სიმბოლურიც”, – განაცხადა კაია კალასმა.

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა – შეხვედრის მთავარი საკითხი იყო სირია, უკრაინა და საქართველო. შეხვედრის დაწყებამდე მინისტრებმა გააკეთეს კომენტარები მედიასთან და შეშფოთება გამოხატეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ, გააკრიტიკეს აქციების ძალადობრივად დარბევები და დაკავებები. EU-ის მინისტრებმა ისაუბრეს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების მიღმა საქართველოს შესახებ განხილვა უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს, რადგან რაც ქვეყანაში ხდება „არადემოკრატიულია”.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ აღნიშნა ისიც, რომ ისინი ასევე განიხილავენ შემდგომ ზომებს, რომელთა დაწესების შესაძლებლობაც იმ შემთხვევაში განიხილება მომავალში, თუ მთავრობა არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს.