საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ თავდასხმა დემოკრატიაზე უფრო მძიმე ხდება და საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას ექნება მძიმე საფასური.
„მინისტრებმა დღეს ევროკავშირის მიერ სამოქალაქო საზოგადოებისთვის გაწეული დახმარება შეაჯამეს და განიხილეს სხვადასხვა ვარიანტი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ეს მოიცავდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ასოცირების შეთანხმებას და სანქციებს. საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას ექნება ძვირი საფასური“, – განაცხადა კაია კალასმა.
პრეკონფერენციაზე კაია კალასს „ქართული ოცნებისთვის“ გაგზავნილ წერილზეც ჰკითხეს.
„საქართველოსადმი გაგზავნილ წერილს რაც შეეხება: როგორც იცით, 2017 წლიდან საქართველოსთან გვაქვს უვიზო რეჟიმი, რაც დიდი სარგებელია, რომელსაც ევროკავშირი სთავაზობს ქვეყნებს. შესაბამისად, არსებობს რეკომენდაციები, რომლებიც მითითებულია მე-7 ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშში და მე არ წავიკითხავ მთელ ტექსტს, მაგრამ ყურადღებას გავამახვილებ ძირითად საკითხებზე.
მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობა, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა – ეს მხოლოდ ერთი პუნქტია და სულ 8 ასეთია.
საუბარი იმაზეა, რომ საქართველოს მიეცა ვადა აგვისტოს ბოლომდე, რომ შეასრულოს ეს რეკომენდაციები. შესაბამისად, ჩნდება კითხვა – როგორ მოვიქცევით იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდა? მაგალითად, თუ ვხედავთ, რომ 8 ოპოზიციური ლიდერიდან 7 დააკავეს, ეს ნამდვილად არ შეესაბამება იმ პირველ პუნქტს, რაც ზემოთ აღვნიშნე
ამ დრომდე ევროკავშირი ცდილობდა არ დაეზიანებინა ქართველი ხალხი, უვიზო რეჟიმის გაუქმება სწორედ მათზე მოახდენს დიდ გავლენას. თუმცა, ამავე დროს, დადგა საკითხი ევროკავშირის სანდოობის შესახებ. თუ ჩვენ გვაქვს გარკვეული პირობები და ვაძლევთ ბონუსს, მაგრამ ქვეყანა ამ პირობებს არ ასრულებს – ამას უნდა ჰქონდეს შედეგებიც.
ამასობაში, საზოგადოებამაც უნდა დაინახოს, რომ ხელისუფლება არ არის ევროპის გზაზე და სერიოზულად არ უდგება ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს“ – განაცხადა კაია კალასმა.