ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, კაია კალასმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი იმ მოთხოვნის შესახებ, რომლის თანახმადაც, უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკების ფარგლებში რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათ შორის, საქართველოდანაც.
ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატს ჟურნალისტმა ჰკითხა, რა არის იმის ალბათობა, რომ რუსეთი თავის ჯარებს გაიყვანს იმ ფონზე, რომ ეს ქვეყანა, როგორც წესი, არ ასრულებს თავის ვალდებულებებს.
კაია კალასმა თქვა, რომ მან დათვალა სულ მცირე, 30 საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც რუსეთმა აიღო, თუმცა, არ შეასრულა.
თუმცა, მისი განცხადებით, „თუ მოთხოვნების სადისკუსიო დოკუმენტის პირველი პუნქტი იქნება ის, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკვე აღებულ ვალდებულებებს, ეს შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსაც, საიდანაც უნდა გაიყვანონ ჯარები“.
„დიახ, მე გავუზიარე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთის მხრიდან უნდა ვიხილოთ. რა თქმა უნდა, ეს განსახილველია, მაგრამ თუ პირველი პუნქტი იქნება ის, რომ რუსეთმა პატივი სცეს იმ ვალდებულებებს, რომლებიც უკვე აღებული აქვს საერთაშორისო შეთანხმებებით, მაშინ ეს ასევე შეეხება იმ ტერიტორიებსაც, რომლებიც მათ აქვთ ოკუპირებული და საიდანაც უნდა გაიყვანონ თავიანთი ჯარები“, – განაცხადა კაია კალასმა.
ინფორმაცია, რომ კალასმა კაია კალასმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაავრცელა განსახილველი დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ის დამთმობი ნაბიჯები, რომლებიც რუსეთმა უნდა გადადგა უკრაინასთან მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, რომელშიც მედიატორის როლს აშშ ასრულებს, თავდაპირველად „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა.
მოთხოვნები მოიცავს რუსული ჯარების რაოდენობის შემცირებას და მათ გაყვანას მეზობელი ქვეყნებიდან, რეპარაციების გადახდასა და საზოგადოების დემოკრატიზაციის აუცილებლობას.
არც ევროკავშირი და არც მისი წევრი ცალკეული ქვეყანა არ მონაწილეობს უკრაინასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში.
როგორც „რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა დაწერა, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინისთვის გაწეული დახმარების უდიდეს ნაწილს სწორედ ევროკავშირი აფინანსებს, ხოლო პოტენციური 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა მოიცავს ბრიუსელის მკაფიო კომპეტენციებს (მაგალითად, უკრაინის წევრობას ევროკავშირში 2027 წლისთვის), ევროპელი ლიდერები უკმაყოფილებას გამოთქვამენ მოლაპარაკებებში პოლიტიკური გავლენის ნაკლებობის გამო.
რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა სამხედრო ძალების გაყვანას კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და საერთაშორისო მოლაპარაკებების დაწყებას უსაფრთხოების საკითხებზე, თუმცა რუსული სამხედრო ძალები კვლავ რჩებიან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ამასთან, გრძელდება მცოცავი ოკუპაცია.