საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება ეროვნული გუნდის კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას.
როგორც ფედერაციაში ამბობენ, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე შენგელია ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებას.
„საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს“, – ამბობენ ფედერაციაში.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი გახდა. კალათბურთელმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ კლუბმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია სოციალური ქსელით.
„გელოდებით მოსკოვში“ – ქართულად წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.