კამალა ჰარისი | ისტორიაში პირველად აშშ-ს ქალი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება

პუბლიკა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატების“ კანდიდატმა ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ეს ნიშნავს, რომ ამერიკის ისტორიაში პირველად შეერთებულ შტატებს ქალი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება. კამალა ჰარისი მესამე ქალი იყო, ვინც ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს, მაგრამ წინა ორ შემთხვევაში იმ კანდიდატებმა, ვისაც ქალი ჰყავდა ვიცე-პრეზიდენტად დასახელებული, გამარჯვება ვერ მოიპოვეს. კამალა ჰარისი, რომლის მშობლებიც ინდოეთიდან და იამაიკიდან არიან, ასევე იქნება პირველი შავკანიანი ქალი ვიცე-პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში.

კამალა ჰარისი 2017 წლიდან დღემდე აშშ-ის სენატორი იყო კალიფორნიის შტატიდან. 2011 წლიდან 2017 წლამდე კი ამავე შტატის მთავარი პროკურორის თანამდებობას იკავებდა. ის ასევე იყო პირველი ქალი, ვინც კალიფორნიის შტატის მთავარი პროკურორის პოსტზე ორი ვადით იყო არჩეული.

კამალა ჰარისი „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატობასაც გეგმავდა, თუმცა კონკურენტებს 2019 წლის დეკემბრიდან გამოეთიშა, 2020 წლის მარტში კი ჯო ბაიდენს დაუჭირა მხარი. თავის მხრივ, ჯო ბაიდენმა კამალა ჰარისი აგვისტოში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა და 2021 წლის იანვრიდან, მისი ინაუგურაციის შემდეგ ჰარისი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი გახდება.