კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ტიმ უოლცი წარადგინა

პუბლიკა

აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დაასახელა.

ჰარისმა რამდენიმე კანდიდატს შორის საბოლოო არჩევანი გააკეთა და დღეს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტას შტატის გუბერნატორი, ტიმ უოლცი წარადგინა.

ტიმ უოლზი 60 წლისაა, იყო მასწავლებელი და მწვრთნელი, ასევე ორ ათწლეულზე მეტი გაატარა ეროვნულ გვარდიაში. მისი პოლიტიკური კარიერა კი 2006 წელს დაიწყო, როცა მოულოდნელად დაამარცხა ექვსჯერ არჩეული „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი და წარმომადგენელთა პალატაში შევიდა.

მეტწილად „რესპუბლიკელთა“ მხარდამჭერებით დასახლებულ შტატში, ტიმ უოლცმა შეძლო შეენარჩუნებინა კონგრესის წევრობა 2018 წლამდე. 2018 წელს კი გუბერნატორის არჩევნებში იყარა კენჭი და დღემდე მინესოტას შტატის გუბერნატორია.

ტიმ უოლცის გარდა ბოლო დღემდე კიდევ ორი გუბერნატორის – ჯოშ შაპიროსა და მარკ კელის კანდიდატურები განიხილებოდა. ჯოშ შაპირო „დემოკრატიული პარტიის“ გავლენიანი პოლიტიკოსია, ის ჯო ბაიდენის ნაცვლად პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატადაც განიხილებოდა. ჯოშ შაპირომ მხარდაჭერა გამოუცხადა კამალა ჰარისს და ტიმ უოლცს, მისი თქმით, ის გააგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობას.