კანადა ვლადიმერ პუტინსა და კიდევ 1000-მდე პირს ქვეყანაში შესვლას აუკრძალავს

პუბლიკა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ კანადის მიერ სანქცირებულ მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ. ახალი შეზღუდვა შეეხება მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, თავდაცვისა და  საგარეო საქმეთა მინისტრებს – სერგეი შოიგუსა და სერგეი ლავროვს.

კანადის ხელისუფლების განცხადებით, პუტინის რეჟიმის თავდასხმა უკრაინაზე არის ომი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და უკრაინელი ხალხის უფლების მიმართ, თავად გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის ბედი. ამიტომ, კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის, მარკო მენდისინოს თქმით, გეგმავენ, რომ კიდევ უფრო გააძლიერონ რუსეთის წინააღმდეგ მათ მიერ დაწესებული შეზღუდვები.

მენდისინოს თქმით, ისინი მიიღებენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც კანადის მიერ სანქცირებული პირები და მათი თანმხლები ოჯახის წევრები ქვეყანაში შესვლას ვეღარ შეძლებენ.

კანადას ამ დროისთვის რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის 1000-მდე მოქალაქისთვის აქვს სანქციები დაწესებული უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერისთვის.