კანადის პარლამენტში მხარი დაუჭირეს უკრაინაში რუსეთის მოქმედებების გენოციდად შეფასებას

პუბლიკა

კანადის პარლამენტის თემთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინაში რუსეთის მოქმედებების გენოციდად აღიარებას. შუამდგომლობა პარლამენტში „ახალი დემოკრატიული პარტიის“ წევრმა, ჰეზერ მაკფერსონმა წარადგინა.

თემთა პალატის წევრები შეთანხმდნენ, რომ არსებობს აშკარა მტკიცებულებები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სისტემურ და მასობრივ ომის დანაშაულებზე; დანაშაულებზე, რომლებიც რუსულმა არმიამ ჩაიდინა ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მითითებით.

თემთა პალატის მიერ შეთანხმებული ტექსტით, მათ შორის, ეს დანაშაულები მოიცავს მასობრივი სისასტიკის, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის სისტემატური მიზანმიმართული მკვლელობის, გვამების შეურაცხყოფის, უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაყვანის, წამების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზიანისა და გაუპატიურების შემთხვევებს.

თემთა პალატის მიერ რუსული მოქმედებების გენოციდად აღიარებამდე რამდენიმე ხნით ადრე კანადის პრემიერმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ აბსოლუტურად სწორია, როცა უფრო და უფრო მეტი ადამიანი აფასებს გენოციდად რუსეთის მოქმედებებს უკრაინაში.