პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში ბრიფინგი გამართა და კანაფთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა.
იაგო ხვიჩიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კანაფი ლეგალურად გამოაცხადა, მოქალაქეები მის გამო ციხეში მაინც ხვდებიან. მისი თქმით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, კანაფსა და მარიხუანასთან დაკავშირებული ურთიერთობები კვლავ დარეგულირდება, მაგრამ სისხლის სამართლის სფეროდან მთლიანად გადავა ადმინისტრაციული სამართლის სფეროში.
„2018 წლიდან საქართველოში კანაფისა და მისი პროდუქტების მოხმარება ლეგალურია. ამის მიუხედავად, ქვეყანაში ადამიანების დევნა მაინც გრძელდება. იუსტიციის სამინისტროსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ 311 ადამიანი პრობაციონერია, ხოლო 84 ადამიანი სასჯელს იხდის კანაფის და მისი პროდუქტების მოხმარება-შეძენა-შენახვაზე.
ასეთი მონაცემები გვაქვს იმ პროდუქტზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ლეგალურად გამოაცხადა.
ჩვენ ახლა შემოგვაქვს კანონპროექტი, რომლითაც სისხლის სამართლის სფეროდან საერთოდ ამოდის მცენარე კანაფსა და მარიხუანასთან დაკავშირებული ურთიერთობები და ეს იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე.
ამ კანონპროექტით ეს ქმედება ისევ რჩება ადმინისტრაციული სამართლის რეგულირების ქვეშ. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კანაფის გამო ციხეში არც ახლა და არც მომავალში არავინ არ იჯდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.