კანდელაკი: იმედი მაქვს, საქართველოდან დადებით სიგნალებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ხედავენ

პუბლიკა

პუტინის პროპაგანდისტმა, თინა კანდელაკმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე საქართველოსთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობის გაწონასწორებულმა პოზიციამ სასიამოვნოდ გააოცა.

მისი თქმით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ მტკიცე პოზიცია გამოავლინა საქართველოს ტერიტორიული პრობლემების სამხედრო გზით გადაჭრის შეუძლებლობასთან დაკავშირებით და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას „ფეხებში სროლა“ უწოდა.

ის ასევე წერს, რომ გამარჯვების დღე წელს თბილისში სწორად აღინიშნა.

„მემორიალისა და ვეტერანთა პარკების აღდგენა, ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის შეხვედრა ვეტერანებთან, სახელმწიფო დახმარებები ვეტერანებისთვის და მრავალი სხვა. რაც არ უნდა ეცადონ დასავლელი პარტნიორები ერთიანი საბჭოთა ხალხის დიდი ღვაწლის მეხსიერების წაშლას საქართველოში, ეს შეუძლებელია“. – წერს კანდელაკი და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების ინიციატივით გამოდის.

„იმედი მაქვს, ამ დადებით სიგნალებს საქართველოდან მარტო მე არ ვხედავ, არამედ ჩანს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. დიახ, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ადვილი არ არის. არის ბევრი გადაუჭრელი საკითხი, მაგრამ ვფიქრობ, დადგა დრო, ვიმეგობროთ ან ამ მიმართულებით მოძრაობა მაინც დავიწყოთ. ურთიერთობების ნორმალიზაციის პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება.

ცნობისთვის დავამატებ:

რუსებს არ სჭირდებათ ვიზა საქართველოს მოსანახულებლად; საქართველოს მოქალაქეების რუსეთში შესვლა თითქმის შეუძლებელია; საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მოქმედებს.

ჩვენი წინაპრები საფლავებში გადაბრუნდებოდნენ, რომ სცოდნოდათ, მოსკოვში ქართველებს არ უშვებენ, ბერლინში ჩასვლაზე კი პრობლემა არ აქვთ“, –  წერს კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი.