კანდიდატები დირექტორთა ახალი კონკურსის თარიღის დასახელებას მოითხოვენ

პუბლიკა

დირექტორთა კონკურსის მონაწილეები სამინისტროსგან მოითხოვენ, დაკონკრეტდეს დირექტორთა ახალი კონკურსის გამართვის თარიღი და ასევე დააზუსტოს, როგორ გეგმავს კონკურსის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.

დირექტორობის კონკურსის მონაწილეებმა, დავით ფერაძემ და მაია ეკალაძემ დღეს განათლების სამინისტროსთან წაიკითხეს ის მოთხოვნები, რომელიც უწყებასთან აქვთ.

მათი თქმით, ხვალ გადის მათ მიერ სამინისტროსთვის შეკითხვებზე საპასუხოდ მიცემული ერთკვირიანი ვადა.

დირექტორობის კანდიდატები ამბობენ, რომ  სერტიფიცირებული დირექტორები უნდა წარადგინონ იმ სკოლებში, რომლებიც თავად აირჩევენ და იმ კანდიდატებს, რომლებიც ტესტირებას წარმატებით გაივლიან, მიეცეთ სერტიფიკატი, გასაუბრების ეტაპის გავლის გარეშე.

„ერთ კვირიანი ვადა მოგეცით, ხვალ ბოლო დღეა, ხვალისთვის უნდა შევხვდეთ პასუხისმგებელ პირს, რომელიც კონკრეტულად უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. რა არის ჩვენი მოთხოვნა – დაკონკრეტება თარიღის, როდის გაიმართება სკოლებში კონკურსი და როგორ უნდა გაიმართოს კონკურსი  – აუცილებლად სერთიფიცირებული დირექტორები იმ სკოლებში უნდა წარადგინოთ, რომლებიც აირჩიეს და ჩაიხსნას გასაუბრების ეტაპი, ტესტირებაგავლილი კანდიდატებისთვის. ხვალისთვის თუ არ გვექნება პასუხი გადავდივართ ისევ აქტიურ აქციებზე… მინისტრო, გაძლევთ დროს, ხვალ პასუხისმგებელ პირს შეგვახვედრეთ, რომელიც კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხს გაგვცემს”, – განაცხადა დავით ფერაძემ.

12 დეკემბერს განათლების მინისტრმა „ზოგადი განათლების რეფორმის“ პრეზენტაციაზე დირექტორთა კონკურსის შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება კონკურსი და იმ 1000-მდე სკოლაში, რომლებშიც დირექტორების არჩევა ვერ მოხერხდა, დაინიშნება ახალი კონკურსი.

„ყველა ადამიანს, ვისაც აქვს სერტიფიკატი, ან სურს მისი მოპოვება, კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება. ამიტომ პირდაპირ მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს უახლოეს მომავალში სრულიად სამართლიანი, ინკლუზიური, გამჭვირვალე კონკურსები გამოცხადდება.“ – განაცხადა ამილახვარმა.

დირექტორთა კონკურსის კანდიდატები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები სკოლებში დირექტორთა წარდგენის წესის შეცვლას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით განცხადება 19 ორგანიზაციამ 6 დეკემბერს გაავრცელა.

ორგანიზაციები მოითხოვენ, შეიცვალოს სკოლებში დირექტორობის კანდიდატების წარდგენის წესი და შეიქმნას, სპეციალური კომისია, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის დირექტორობის შერჩევისა და არჩევის ახალი წესის შემუშავებას, რომლის საფუძველზეც მომავალში გაიმართება დირექტორების კონკურსი.

„მივესალმებით დირექტორების ახალი კონკურსის გამოცხადებას, რაც ცხადია, ქმნის სიტუაციის განმუხტვის საშუალებას. კონკურსის ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, პროცესის დაიწყოს დროულად და გათვალისწინებული იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარდგენილი სხვა რეკომენდაციებიც, რათა ახალი კონკურსი და პარალელურად მიმდინარე სერტიფიცირების გამოცდა ჩატარდეს ყველა ნორმის დაცვით და წარიმართოს თავისუფალ ინკლუზიურ და გამჭვირვალე გარემოში.“ – ვკითხულობთ „განათლების კოალიციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც.