კანდიდატის სტატუსის მოლოდინში - ღარიბაშვილის საერთაშორისო ვიზიტები ბოლო თვეებში

პუბლიკა

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ საერთაშორისო ასპარეზზე პროცესები ააჩქარა, მათ შორის, საქართველოსთვისაც. უკრაინის შემდეგ საქართველომ და მოლდოვამაც ევროკავშირს დაჩქარებული წესით მიმართეს ოფიციალური განაცხადით ბლოკში გაწევრიანების შესახებ.

თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აპლიკაციას 3 მარტს მოაწერა ხელი. 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი – არა. საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და აღნიშნა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ასეთ გარდამტეხ პერიოდში ევროინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ყველა დონეზე ევროპელ პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაცია. „პუბლიკამ“ თავი მოუყარა ბოლო 6 თვეში საქართველოს მთავრობის მეთაურის ოფიციალურ ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყანაში.

ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო 6 თვეში, მაისი-ოქტომბრის პერიოდში სხვადასხვა ფორუმს, სამიტსა და სესიას დაესწრო დავოსში, ბრატისლავაში, მადრიდში, ბრიუსელში, პრაღასა და ნიუ-იორკში. გარდა ამისა, ოფიციალური ვიზიტებით იმყოფებოდა შემდეგ ქვეყნებში:

28 მაისი – იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფო

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა პრინც ღაზისთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში. ღარიბაშვილმა მეფე აბდალა II-ს მადლიერების ნიშნად, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე გამართა შეხვედრები იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

30 მაისი – ისრაელი

მთავრობის მეთაურის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურად 30 მაისს, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრით დაიწყო. გარდა ამისა, გაიმართა სხვა მაღალი დონის შეხვედრები.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა გვირგვინით შეამკო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი.

საქართველოს მთავრობის მეთაურს საპატრიარქოში უმასპინძლა იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს მესამემ.

20 ივნისი – კატარი          

                   

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების გაღრმავება იყო კატარში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კატარის პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის შეიხ ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ-თანის შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები.

პრემიერ-მინისტრი კატარში ასევე მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო.

გარდა ამისა, ღარიბაშვილი კატარის ემირს შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა. ასევე შეხვდა კატარის სახელმწიფოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე შეიხ ფაისალ ბინ ქასიმ ალ თანის.

8 ივლისი – ავსტრიის რესპუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ავსტრიის რესპუბლიკაში. პრემიერ-მინისტრი ვენაში ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის პირადი მიწვევით ჩავიდა.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებული შემადგენლობით შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ავსტრიისა და საქართველოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის მზადყოფნა და ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობის გაღრმავება ირაკლი ღარიბაშვილისა და ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის ვოლფგანგ სობოტკას შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო.

18 ივლისი – უზბეკეთი

უზბეკეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი  გვირგვინით შეამკო. მან დელეგაციასთან ერთად ტაშკენტის ტექნოპარკიც დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო, ასევე დაათვალიერა მრავალფუნქციური ყინულის კომპლექსი.

ღარიბაშვილმა თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად ტაშკენტში, შოთა რუსთაველის სახელობის რეკონსტრუირებული სკვერის გახსნის ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.

ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, აბდულა არიპოვსაც შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ღარიბაშვილი ასევე შეხვდა უზბეკეთის პრეზიდენტს, შავკატ მირზიოევის და მასთან ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით არსებული პოტენციალი და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა განიხილა.

19 ივლისი – თურქმენეთი

ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი – მუჰამეთგელდი სერდაროვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თურქმენეთში – ავთანდილ ნაფეტვარიძე დახვდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების გაღრმავება, ერთობლივი პროექტები და საქართველოსა და თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის შეხვედრის მთავარი თემა იყო.

26 ივლისი – ყაზახეთი

ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვს შეხვდა. პრემიერ-მინისტრებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გაფართოებულ ფორმატშიც იმსჯელეს. პრემიერების პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. პრემიერი ასევე შეხვდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს კასიმ-ჟომარტ ტოკაევს.

ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილმა დაათვალიერა ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრი და მომავლის ენერგიის მუზეუმი ,,ნურ-ალემი’’.

13 სექტემბერი – გერმანია

ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლაფ შოლცმა შეხვედრისას ისაუბრეს საქართველო-გერმანიის მჭიდრო პარტნიორობაზე, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივისა და ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ.

ღარიბაშვილი გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვითაც გამოვიდა.

26 ოქტომბერი – უნგრეთი

პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს ლასლო კოვერს შეხვდა. საუბარი შეეხო ქვეყნებს  შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს,  პარტნიორულ თანამშრომლობას, მათ შორის, პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს.

ღარიბაშვილმა დელეგაციის წევრებთან ერთად უნგრეთის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი, გაფართოებულ ფორმატში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკურ თანამშრომლობას და აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს ორჯერ არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის. მხარეებმა ამ მიმართულებით ახალი პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრეს, რომელთა განხორციელებაც ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.

31 ოქტომბერი – არაბთა გაერთიანებული საამიროები

ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს, რასაც მოწმობს ბოლო წლებში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები.

პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრს, შეიხ ნაჰიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში  განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიციის მფლობელია. განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

6 ნოემბერი – ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა

მთავრობის მეთაურს აეროპორტში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი რანია ალ-მაშატი და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს.

შარმ-ელ-შეიხში პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.