კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობის დაკარგვა საქართველოსთვის უდიდესი პრობლემაა - ბოკუჩავა კალაძეს პასუხობს

პუბლიკა

„შეიძლება ბატონი კალაძისთვის და მისი მილანური ვოიაჟებისა და სეირნობისთვის არ არის პრობლემა კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობის დაკარგვა, მაგრამ საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის ეს უდიდესი პრობლემაა“, – ასე გამოეხმაურა დეპუტატი თინა ბოკუჩავა თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას, სადაც კალაძემ თქვა, რომ რომ თუ ქვეყანა სტატუსს მიიღებს, კარგი იქნება, თუ არადა, „არც ეგ არის პრობლემა“.

„საქართველოს ყველა მეგობარი თბილისსა თუ ბრიუსელში აცხადებს, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპას, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, რომ ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა საქართველომ უნდა გამოიყენოს და რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს ისტორიული არჩევანი საბოლოო ჯამში რეალობად იქცეს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, მაგრამ რას ამბობს და რას აკეთებს ამ დროს საქართველოს ხელისუფლება?

„ოცნება“ კოლექტიური კახა კალაძის სახით, რომელიც თავად მილანურ არდადეგებს არ იკლებს აცხადებს – თუ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს გაგვიხარდება, თუ არა არც ეს არის პრობლემაო. შეიძლება ბატონი კალაძისთვის და მისი მილანური ვოიაჟებისთვის და სეირნობისთვის არ არის პრობლემა კანდიდატის სტატუსის შესაძლებლობის დაკარგვა, მაგრამ საქართველოსა და მისი მოქალაქეებისთვის ეს უდიდესი პრობლემაა, რადგან საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება ევროპა, იმიტომ, რომ მხოლოდ ევროპაშია ჩვენი ქვეყნის გადარჩენის შანსი, მშვიდობის შანსი, სტაბილურობის შანსი, კეთილდღეობის შანსი“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

1 მაისს თბილისის მერმა,  კახა კალაძემ ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ ქვეყანა სტატუსს მიიღებს, კარგი იქნება, თუ არადა, „არც ეგ არის პრობლემა“.

მისი თქმით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გასულ წელსაც იმსახურებდა, რადგან ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები ჰქონდა გადადგმული, მაგრამ სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.