კანდიდატის სტატუსს დამსახურება სჭირდება და სიმართლე გითხრათ, ამ მხრივ კიდევ ბევრია სამუშაო - ბორელი

პუბლიკა

კანდიდატის სტატუსს დამსახურება სჭირდება სერიოზული რეფორმებითა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებით და სიმართლე რომ გითხრათ, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თბილისში განაცხადა. ის ქვეყანაში დღეს ჩამოფრინდა და ხვალ თანამდებობის პირებს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდება.

ბორელმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველომ დარჩენილი მცირე დრო უნდა გამოიყენოს, რათა საჭირო რეფორმებზე მუშაობა დაიწყოს

„საქართველოს შემთხვევაში არის ევროკომისიის მოსაზრებაში დაფიქსირებული 12 პრიორიტეტი, რომელიც უნდა შესრულდეს. ამ 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის მძიმე მუშაობა ბრიუსელის დასაკმაყოფილებლად, ბრიუსელში ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხალხის გასაბედნიერებლად არ არის საჭირო.

საბოლოო ჯამში, ეს საჭირო არის საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ევროპული მოლოდინების დასაკმაყოფილებლად. ბევრი ევროპულ დროშას ვხედავ ამ ქალაქის ქუჩებში და თქვენ იცით, რომ ქართველი ხალხის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას”, – განაცხადა მან.

მანვე აღნიშნა, რომ „ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი ერთგულია მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე – კარი ღიაა და გვინდა ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ…”.