7 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსული კანონი არ ექვემდებარება გაუმჯობესებას – მათი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ” ის უპირობოდ უნდა გაიწვიოს.
,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენლების საჯარო განცხადებები რუსულ კანონში კოსმეტიკური ცვლილებებისა და ამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური, ანტიევროპული ინიციატივის შელამაზების შესახებ, წარმოადგენს ერთიანი და მტკიცე ქართული საზოგადოებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.
ივანიშვილის ამ რუსული ინიციატივის გამო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტერორის მსხვერპლი გახდა ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, კანონის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ ტერორში ჩართული არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფები, არამედ შსს-ს საპოლიციო დანაყოფები.
პოლიტიკური რეპრესიები ივანიშვილმა ჩვენი ხალხის ყოველდღიურობად აქცია,საქართველოს საერთაშორისო იმიჯს უკვე მიადგა უმძიმესი ზიანი, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი დარტყმის ქვეშ დგას, ამიტომ, ჩვენ, დემოკრატიული ოპოზიცია რუსული კანონის შელამაზებულ ვერსიას არ მივიღებთ, ეს კანონი გაუმჯობესებას არ ექვემდებარება და უპირობოდ უკან უნდა იქნეს გაწვეული.
საქართველოს ევროპული მომავლისთვის ვაგრძელებთ ერთიან წინააღმდეგობას რუსული კანონისა და რუსული რეჟიმის მიმართ”, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას უერთდებიან:
- ახალი;
- გირჩი – მეტი თავისუფლება;
- დროა;
- ნაციონალური მოძრაობა;
- სტრატეგია აღმაშენებელი;
- ლელო;
- რესპუბლიკური პარტია.
გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ვეტოს პროცედურის ფარგლებში რუსულ კანონში ცვლილებებზე შესაჯერებლად მზად არიან.
კობახიძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან საუბარში პოზიტიურ ძვრებს ხედავს იმაზე, რომ შესაძლოა, პოზიციები შეჯერდეს.