კანონი ღირსებას ულახავს ჩვენს თანამოქალაქეებს და შესაძლოა, დიდი ბარიერი იყოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსისთვის

პუბლიკა

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ქვეყანაში აღარ დარჩა არცერთი სოციალური ჯგუფი, ვინც პროტესტი არ გამოხატა კანონპროექტის მიმართ, რომელიც ახლა განიხილება პარლამენტში. იოსელიანის განცხადებით, ის წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან და მან შეიძლება მნიშვნელოვანი ბარიერი აღმართოს საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების სტატუსის მიღებაზეც.

„ორი აზრი არ არსებობს და შეთანხმებულია მთელი ქვეყანა, აღარ დარჩა არცერთი სოციალური ჯგუფი საქართველოში, ვინც ძალიან დიდი პროტესტი არ გამოხატა ამ კანონპროექტის მიმართ. ეს კანონი ღირსებას ულახავს ჩვენს უამრავ თანამოქალაქეს, აცხადებს მათ ჯაშუშებად, ეს კანონი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან და მან შეიძლება მნიშვნელოვანი ბარიერი აღმართოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით. ჩემი კითხვა ეხებოდა სწორედ ამას – თუ ვენეციის კომისია გამოაგზავნის უარყოფით დასკვნას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე იქნება, რადგან ეს არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონპროექტები, მაშინ იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას ის ადამიანები, ვინც აინიციირებენ და მხარს უჭერენ ამ კანონს“, – განაცხადა იოსელიანმა.

იოსელიანის განცხადებით, დეპუტატებს სხდომათა დარბაზი უკანონოდ დაატოვებინეს და ის შეეცდება, რომ  კომიტეტის თავმჯდომარესთან ანრი ოხანაშვილთან უშუამდგომლოს ამ დეპუტატებს, რომ დეპუტატები დარბაზში დაბრუნდნენ.

ლევან იოსელიანი პარტია „მოქალაქეების“ მიერ სახალხო დამცველის პოსტზეა წარდგენილი.