შსს-ს ცნობით, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისა და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში ბრალდებულების ნაწილი – „ქურდული სამყაროს“ წევრები ვალის დაბრუნების მიზნით წარმოქმნილ დავაში მხარეების მიმართვის საფუძველზე ჩაერთნენ. აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნით, ისინი დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს ჯეირან კინწურაშვილს – მეტსახელად „ჯეირანას“ და თამაზ ქარცივაძეს – მეტსახელად „კუსას“, რომელთა მხარდაჭერით, ბრალდებული ი.ა.-ს საცხოვრებელ ბინაში „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს და ერთ-ერთ მოდავე მხარეს 8 800 ევროს გადახდა დააკისრეს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.