აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა დღევანდელი ბრიფინგი საქართველოს შესახებ განცხადებით დაიწყო და აღნიშნა, რომ აშშ გმობს „ქართული ოცნების“ მიერ ანტიდემოკრატიული კანონის მიღებას.
„დღეს საქართველოს პარლამენტმა დაძლია ვეტო და მიიღო ნტიდემოკრატიული კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“. კანონი შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან. აშშ გმობს ამ ქმედებას. კანონის მიღებით „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას და უგულებელყო ევროატლანტიკური მისწრაფება ქართველი ხალხისა, რომელიც კვირებია კანონს ქუჩაში აპროტესტებს. „ქართულმა ოცნებამ“ უგულებელყო ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასება, ასევე საქართველოს უახლოესი პარტნიორების მკაფიო შეშფოთება, რომ კანონი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სტიგმატიზებას მოახდენდა და ფუნდამენტურ უფლებებს შეზღუდავდა.
მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და ასევე რისკის ქვეშ აყენებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას“, – განაცხადა მილერმა.
მან საზოგადოებას შეახსენა, გასულ კვირაში სახელმწიფო მდივნის განცხადება სავიზო შეზღუდვებზე მათთვის „ვინც ძირს გამოუთხრის დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს საქართველოში, ასევე მათს ოჯახის წევრებისთვის“.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაწყებულია აშშ-ისა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას.
„როგორც სახელმიწფო მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა გასულ კვირას, ჩვენ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს…
აშშ აგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რადგან ისინი დემოკრატიული და დასავლური მომავლისთვის მუშაობენ
სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ, რომ უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რომლებიც საჭიროა საქართველოს დასავლური წინსვლისკენ, იმ მიმართულებით, რაც მის ხალხს სურს“, – განაცხადა მილერმა.
ბრიფინგზე მეთიუ მილერს ჰკითხეს, რატომ არ ჩქარობენ სანქციების ამოქმედებას.
„ამის თაობაზე განცხადება ჯერ მხოლოდ ხუთშაბათს გავაკეთეთ, ასე რომ…
როცა სამომავლო დადგენილებებს ვიღებთ, ეს დადგენილებები საჯარო არ არის, ამიტომ ვერ გეცოდინებათ, როდის დავუწესებთ ადამიანებს სავიზო შეზღუდვებს, რადგან ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა ფედერალური კანონის შესაბამისად. თუმცა მხოლოდ სავიზო პოლიტიკა არ შეიცვლება საქართველოს [ხელისუფლების] ქმედებების შედეგად… სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ გადაიხედება ორმხრივი თანამშრომლობა. ჩვენ საქართველოს ყოველწლიურად ვეხმარებით 390 მილიონი დოლარით – ისეთი საქმეებისთვის, როგორიცაა სამხედრო დახმარება, ეკონომიკური განვითარების პროექტები, ინსტიტუციების მშენებლობა, სამოქალაქო საზოგადოება – ჩვენ ამ ყველაფერს უნდა გადავხედოთ, თუ საქართველოს მთავრობა აშშ-სა და დასავლერ პარტნიორებს აღარ უყურებს, როგორც პარტნიორებს, არამედ როგორც მტრებს“, – განაცხადა მილერმა.