„კანონის უზენაესობის ცენტრი“: ხელის გარტყმა უკანონო და ღირსების შემლახავ ქმედებაზე რეაქციას წარმოადგენდა.

პუბლიკა

„კანონის უზენაესობის ცენტრი“ ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობას ეხმაურება და სასამართლოს პრაქტიკის მოშველიებით განმარტავს, რატომაა მისი პატიმრობა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.

„ქმედების პოლიციელზე თავდასხმად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, დადგინდეს პირის განზრახვა და მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომლის გარეშეც ქმედების პოლიციელზე თავდასხმად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს იქნება მოკლებული. ქმედების შეფასებისას, გათვალისწინებული უნდა იყოს მისი განხორციელების ხერხი, საშუალება, ვითარება, რა უძღვოდა მას წინ და შემდგომ, ადგილი ხომ არ ჰქონდა შეურაცხმყოფელ შეძახილებს მსხვერპლის საქმიანობასთან დაკავშირებით და სხვა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, №253აპ-24).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ პირი დაისაჯოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით აუცილებელია დადგინდეს, რა შინაარსის ქმედებას ახორციელებდა დაზარალებული – ასრულებდა თუ არა იგი სამსახურებრივ მოვალეობას და პირის მიერ ჩადენილი იქნა თუ არა თავდასხმა დაზარალებულისათვის დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მინიმუმ უნდა დადგინდეს, რომ თავდასხმა მოხდა დაზარალებულის სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე და რომ არა პოლიციელის სამსახურებრივი და კანონისმიერი ქმედებები, მასზე კანონსაწინააღმდეგო ზემოქმედებას ადგილი არ ექნებოდა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, №474აპ-24).

საჯაროდ გავრცელებული კადრებით ცალსახად არ დგინდება, რომ მზია ამაღლობელის ქმედება კავშირში იყო ირაკლი დგებუაძის, როგორც პოლიციელის სტატუსთან ან/და მის სამსახურებრივ საქმიანობასთან. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელს შეაგინა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შესაბამისად სახეში ხელის გარტყმა ამ უკანონო და ღირსების შემლახავ ქმედებაზე რეაქციას წარმოადგენდა. შესაბამისად, მზია ამაღლობელი მოქმედებდა მძიმე შეურაცხყოფისგან გამოწვეული წყენის გამო და არა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. მზია ამაღლობელის ქმედება არ ყოფილა მიზანმიმართული და იგი არ იყო მოტივირებული პოლიციელის საქმიანობით.

სასამართლო პრაქტიკაში არაერთი შემთხვევა იქნა მოძიებული, როდესაც პროკურორის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება შეიცვალა 126-ე მუხლით (ძალადობით) სწორედ იმის გამო, რომ ვერ დადასტურდა თავდასხმა პოლიციელის სტატუსიდან ან/და მისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №474აპ-24, №253აპ-24, №519აპ-23, №1045აპ-22, №967აპ-21, №365აპ-20).

უსაფუძვლოა მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობაც. სასამართლო სხდომაზე ვერ დასაბუთდა, რატომ იყო აუცილებელი ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენება, რომელიც ყველაზე უკიდურესი საშუალებაა იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა თუ მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. მოსამართლემ თავად გამორიცხა მიმალვის საფრთხის არსებობა და მხოლოდ ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების რისკზე აპელირებით გამოიყენა

შეუსაბამოდ მძიმე, უსაფუძვლო ბრალდებას და შემდგომში, მასზე დაყრდნობით პატიმრობის გამოყენებას, სადამსჯელო და რეპრესიული ეფექტი აქვს, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფო უწყებების დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.