მილერი: „ოცნების" ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი კიდევ ერთხელ ეხმაურება რუსულ კანონს, გმობს „ქართული ოცნების” ანტიდასავლურ რიტორიკას და აცხადებს, რომ ამ ყველაფერმა ქვეყანა სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა.

მეთიუ მილერის განცხადებაში წერია:

„აშშ გმობს კრემლით შთაგონებულ კანონს „უცხო ქვეყნის გავლენის” შესახებ, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში წინ წაწიეს და იმ ცრუ ნარატივებს, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოიყენეს მის დასაცავად.

მმართველი პარტიის წევრებმა ცხადად თქვეს, რომ კანონის მიზანია კრიტიკული ხმების ჩახშობა და განადგურება საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც ემსახურება კრიტიკულ კონტროლს მთავრობაზე ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში.

ამ კანონმა და „ქართული ოცნების” ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირისა და ნატოს წევრობას და ამით საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

კომენტარები, რომლებიც არასწორად ახასიათებს საგარეო დახმარებას, რომელსაც ჩვენ 32 წლის განმავლობაში ვუწევდით საქართველოს მისი ეკონომიკის, დემოკრატიის და რუსული აგრესიის შეკავების გაძლიერებისთვის, ფუნდამენტურად ძირს უთხრის იმ ძლიერ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ დავამყარეთ საქართველოს მთავრობასთან და ხალხთან.

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის და მისი უფლების გვერდით, რომ მათი ხმა გაიგონ. ჩვენ ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აშუქებენ დემონსტრაციებს. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების აღსაკვეთად მიუღებელია. ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისცენ საშუალება, გამოიყენონ გამოხატვის თავისუფლების უფლება”.