სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში – „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ“ ნათქვამია, რომ რელიგიური უმცირესობები საქართველოში კვლავ აწყდებიან დაბრკოლებებს.
უფრო კონკრეტულად კი, მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზების პროცესში, დისკრიმინაციული მოპყრობა გამოიკვეთა რელიგიური საჭიროებების გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით.
აქვე ნათქვამია, რომ კვლავ შენარჩუნებულია საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა მხრიდან სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებისას რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული ქმედებების სისტემური პრობლემა, რაც, მეტწილად, რელიგიური ნეიტრალიტეტისა და თანასწორობის პრინციპის შესახებ არასაკმარის ინფორმირებულობას უკავშირდება.
„თუკი, წინა წლებში, საკითხი, ძირითადად, მუსლიმი პირების მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული შემთხვევების ჭრილში განიხილებოდა, 69 2020 წელს აღნიშნული გამოწვევა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა საჯარო რეესტრში იეჰოვას მოწმეებისთვის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას შექმნილი დაბრკოლებების სახით“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
აბიტურიენტების რელიგიური საჭიროებების გაუთვალისწინებლობა
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მსვლელობისას დაბრკოლება შეექმნათ „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის“ წევრ აბიტურიენტებს, რომლებსაც სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უარი უთხრა ინგლისური ენის საგამოცდო თარიღის ცვლილებაზე. „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია“ კრძალავს შაბათ დღეს სხვადასხვა სეკულარულ ღონისძიებასა და აქტივობაში მონაწილეობას. აბიტურიენტების გამოცდა ინგლისურ ენაში სწორედ შაბათ დღეს იყო ჩანიშნული, რის გამოც, მათ მოითხოვეს საგამოცდო თარიღის შეცვლა სხვა ნებისმიერი დღით – გარდა შაბათისა. ამაზე სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მათ უარი უთხრა. უარყოფითი გადაწყვეტილების მოტივად მიეთითა, რომ განმცხადებლებმა მხოლოდ მას შემდეგ მიმართეს ცენტრს გამოცდის სხვა დღეს დანიშვნის მოთხოვნით, როდესაც აბიტურიენტთა განაწილების პროცესი დასრულებული იყო, აბიტურიენტთა განაწილების პროცესი კი, ელექტრონული პროგრამით მიმდინარეობდა და მასში ჩარევა მთლიან საგამოცდო პროცესს უქმნიდა საფრთხეს.
„როგორც საკითხის გამოკვლევის პროცესში დადგინდა, ერთიანი ეროვნული გამოცდების მარეგულირებელი კანონმდებლობა რეგისტრაციისას აბიტურიენტებს არ აძლევს შესაძლებლობას საკუთარი რელიგიური საჭიროებების შესახებ განაცხადონ. შესაბამისად, გამოცდების ორგანიზების პროცესში არც ამ საკითხის გათვალისწინების მექანიზმი არსებობს. სახალხო დამცველის შეფასებით, აბიტურიენტები, რომლებიც საკუთარი რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე იძულებულები იყვნენ უარი ეთქვათ კონკრეტულ დღეს გამოცდაში მონაწილეობაზე, არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ იმ აბიტურიენტებთან მიმართებით, რომელთა რელიგიაც განსხვავებული შეხედულების არის მსგავს საკითხებზე.
ამიტომ, მომავალში, როგორც რელიგიის თავისუფლებით, ისე თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში, გაუმართლებელი ჩარევის თავიდან ასაცილებლად, სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, უზრუნველყოს იმგვარი ცვლილებების მიღება, რომლებიც გამოცდების ორგანიზების პროცესში გაითვალისწინებს რელიგიურ საჭიროებებს. მნიშვნელოვანია, რომ, საბოლოოდ, აბიტურიენტებს მიეცათ გამოცდების სხვა დღეს ჩაბარების შესაძლობლობა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.