კანონმდებლობა ადამიანებს ამ ნიშნით არ ჰყოფს - თალაკვაძე მსახიობებსა და სპორტსმენებზე პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის” ეთერში სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლების პარლამენტში საქმიანობის საკითხზე ისაუბრა.

თალაკვაძის თქმით, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს კანონმდებლობა არ ზღუდავს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის კუთხით.

„როგორც იცით, კანონმდებლობა ადამიანებს ამ ნიშნით არ ჰყოფს პოლიტიკაში მონაწილეობისთვის. თქვენ, მაგალითად, ჟურნალისტი ბრძანდებით, და კანონმდებლობა არ ამბობს, რომ ჟურნალისტობის გამო თქვენ არ გაქვთ უფლება იყოთ პარლამენტში.

რაც შეეხება პრაქტიკას, ეს უნდა შევაფასოთ იმ შედეგებით, რომლებიც გვაქვს 2016 წლიდან დღემდე. მე შემიძლია ძალიან მოკლედ გითხრათ რამდენიმე მთავარი შედეგი, რომელიც პარლამენტის ძალისხმევით დადგა. ეს არის საკონსტიტუციო რეფორმა, რომელსაც თქვენ მიერ ჩამოთვლილმა ადამიანებმაც დაუჭირეს მხარი, სპორტსმენებმაც, მსახიობებმაც, ჟურნალისტებმაც”, – განაცხადა თალაკვაძემ.


დღეს „ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. წელს საპარლამენტო არჩევნები განახლებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. პარლამენტი დაკომპლექტდება 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატით.