კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის” შეფასებით, 13 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო კამპანიისას პოლიტიკური სუბიექტის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემქმნელი სააგიტაციო და სარეკლამო მასალის გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს, არ არის განჭვრეტადი და არ ემსახურება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას.
„მმართველი პარტიის წევრების მიერ წარდგენილი კანონპროექტი საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში რიგი ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. მათ შორის, იკრძალება სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამის და სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად. კანონპროექტით, ასევე, დგინდება, რომ წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელება დასაშვებია მხოლოდ საარჩევნო სუბიექტის დაკვეთით და რეკლამა არ უნდა შეიცავდეს სხვა პოლიტიკური პარტიის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.
აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც მაუწყებელს, ისე წინასაარჩევნო რეკლამის დამკვეთს. სააგიტაციო მასალის მოთხოვნის დარღვევით გავრცელება კი იწვევს გამავრცელებლისა და გავრცელების დამკვეთის დაჯარიმებას, თითოეულის – 2000 ლარით. კომპეტენციის ფარგლებში ჯარიმის დაკისრებაზე პასუხისმგებელია ცესკო და კომუნიკაციების კომისია.
წარმოდგენილი კანონპროექტი ეწინააღმდეგება გამოხატვისა და მედიის თავისუფლების დაცვის არსებულ სტანდარტებს. მნიშვნელოვანია, რომ პარტიებს და მათ წევრებს ჰქონდეთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ და საჯარო დებატებში, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოზიცია შესაძლოა არ ემთხვეოდეს ხელისუფლების პოლიტიკას ან იყოს არაპოპულარული ან შეურაცხმყოფელი რომელიმე ჯგუფისთვის…”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
კოალიცია წერს, რომ წარმოდგენილი ცვლილებები, მიუხედავად გაცხადებული მიზნებისა, ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პოლიტიკური გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, არაპროპორციულად ერევა მედიის საქმიანობაში, აკისრებს რა მაუწყებლებს პასუხისმგებლობას პოლიტიკური რეკლამის შინაარსთან დაკავშირებით.
„განსაკუთრებით საგანგაშოა კანონმდებლობაში ახალი ცნების ე.წ. „უარყოფითი დამოკიდებულების” შემოტანა, რომელიც არ არის ნათელი და განჭვრეტადი, შეიცავს ზოგად, ორაზროვან და ბუნდოვან ფორმულირებას, რაც ქმნის ტერმინის პოლიტიკური კონტექსტის მიხედვით განმარტებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში არაკონსტიტუციური ჩარევის რისკს”, – წერია განცხადებაში.
რაც შეეხება სანქციებს, კოალიციის შეფასებით, „ცვლილებებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევისთვის შემოთავაზებულია მკაცრი სანქცია ფულადი ჯარიმის სახით, რამაც, შესაძლოა, დამატებითი საფრთხე შექმნას კრიტიკული პოლიტიკური აქტივობისათვის, ვინაიდან არსებობს რისკი, რომ სანქციის თავიდან არიდების მიზნით ზოგიერთმა მაუწყებელმა უარი უთხრას პოლიტიკურ პარტიას რეკლამის განთავსებაზე”.
„ამდენად, გამოხატვის თავისუფლება, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ფართოდ არის დაცული. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ძალებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ, მათ შორის, გააკრიტიკონ ოპონენტი, პოლიტიკური რეკლამის მეშვეობით, რომელიც საარჩევნო კოდექსის თანახმად, შესაძლოა, საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას ან ხელის შეშლას ისახავდეს მიზნად.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ კანონპროექტს და დაუყოვნებლივ გაიწვიოს სადავო დოკუმენტი. წარმოდგენილი ცვლილებები არ ემსახურება ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და პოლარიზაციის შემცირებას, აგრეთვე, ის ზღუდავს პოლიტიკური გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას”, – ნათქვამია განცხადებაში.