მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, უკან გაიწვევენ და ამის ფორმალური გზაა, გაიმართოს მეორე მოსმენა და იქ ჩავარდეს.
მისი თქმით, ყველა დეპუტატი იზიარებს ამ აზრს და კანონი მეორე მოსმენით ჩავარდება.
როგორც უკვე ცნობილია, ხელისუფლებამ რუსული კანონპროექტის უკან გაწვევა გადაწყვიტა. მოგვიანებით იურისტებმა განმარტეს, რომ პირველი მოსმენით უკვე განხილული კანონპროექტის გაწვევა არ ხდება, და ამისთვის საჭიროა იგი მეორე მოსმენაზე ჩავარდეს.
მდინარაძემ დააზუსტა, რომ კანონპროექტი პირველივე სხდომაზე სამშაბათს, 21 მარტს ჩავარდება.
„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ხვდება, რომ უკან ვერავინ წაიღებს, თორემ ხალხი, ახლა თუ პროტესტზეა საუბარი, ათმაგი პროტესტი იქნება ამის უკან წაღების შემდეგ, ეს წარმოუდგენელი ამბავია”. – თქვა მან.
თბილისში ორდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის შემდეგ, მმართველმა პარტიამ თქვა, რომ პარლამენტიდან რუსულ კანონპროექტებს გაიწვევს.
მოქალაქეები 7 მარტს რუსთაველის გამზირზე მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პარლამენტმა დაუგეგმავად, დაჩქარებულად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. იმ დღესვე აქციის დასაშლელად სახელმწიფომ საპოლიციო ძალა გამოიყენა. სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და წყლის ჭავლით დაშალა. დააკავეს ათობით ადამიანი. მიუხედავად ამისა, პროტესტი არ შეწყვეტილა.
8 მარტს მოქალაქეები კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ. ფართომასშტაბიანი აქციის დასაშლელად კვლავ სპეცრაზმის დანაყოფები გამოვიდნენ. დაშავდნენ მოქალაქეები. შსს-ს ცნობით, მათი თანამშრომლებიც. 7-8 მარტს საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ 133 ადამიანი დააკავა.