„კანონპროექტი რუსულია“ - დეგნანი „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტზე

პუბლიკა

საქართელოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტი რუსულია და ის მიზნად ისახავს განსხვავებული შეხედულებების გაჩუმებას.

მისი განმარტებით, ინიციირებული კანონპროექტი განსხვავდება ამერიკულისგან, რომელიც გამიზნულია ლობისტებსა და იურიდიულ ფირმებზე, რომლებიც უცხოური მთავრობის ინტერესებს წარადგენენ.

ელჩი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოში უცხოური ფონდებისა და დონორების ფინანსების გამჭვირვალობის პრობლემა არ დგას.

„USAID-ის მაგალითზე -, ყოველი სამი თვის განმავლობაში დეტალური ანგარიში წარედგინება პარლამენტს, შემდგომ პარტნიორებიც დეტალურ ანგარიშს, ფინანსურს თუ სხვაგვარს, წარუდგენენ საგადასახადო სამსახურს და შესაბამისად, გამჭვირვალობის კუთხით ნამდვილად არ არის პრობლემა. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია სხვადასხვა წყაროს მეშვეობით, სხვადასხვა ვებგვერდზე, თუ ვინმეს აინტერესებს.

ეს კანონი, ასევე, არ არის აშშ-ის კანონის შესაბამისი. აშშ-ის კანონი გამიზნულია ლობისტებსა და იურიდიულ ფირმებზე, რომლებიც დაქირავებულია უცხოური მთავრობების მიერ, რათა ამ უცხოური მთავრობების ინტერესები წარადგინონ. ეს არაა ის, რის შესახებაც არის ეს კანონპროექტი.

ეს კანონპროექტი რუსული კანონია. ეს კანონპროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებაზე დაღის დასმას, მიზნად ისახავს განსხვავებული შეხედულებების გაჩუმებას.

ეს კანონი გააჩერებს ქართველებს, რომლებიც ეხმარებიან ქართველებს, თავიანთი საზოგადოება გააუმჯობესონ. ეს კანონი, მაგალითისთვის, გააჩერებს იურიდიულ დახმარებას გაჭირვებული ქართველებისთვის. ეს კანონი გააჩერებს დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების მუშაობას, რომლებიც ლოკალურ მთავრობებთან თანამშრომლობაში ეხმარებიან შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფო ვერ ეხმარება. ეს კანონი გააჩერებს სამედიცინო კვლევებს, რომლის თანადაფინანსება დონორებისა და ქართული უნივერსიტეტების მიერ ხდება. ეს კანონი ტურისტულ სააგენტოებს, ბიზნესასოციაციებს, ფერმერების ასოციაციებს, კლიმატის ცვლილებასა და გარემოზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩერებს.

და ჩემი კითხვაა – სჭირდება კი საქართველოს ეს კანონი, როდესაც ისედაც საკმარისია გამჭვირვალობა და უკვე ღრმა თანამშრომლობა და კომუნიკაციაა დონორებსა და მათ შორის, ვინც მუშაობს ქართული საზოგადოების გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა ელჩმა.