კანონპროექტით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ კონკრეტული საფუძვლებით იქნება შესაძლებელი

პუბლიკა

„ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეაქვს.

კანონპროექტი საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებებს, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის წესს, არჩევნების შედეგების შეჯამებისა და გასაჩივრების პროცედურებს ცვლის.

კანონპროექტით, არჩევნების შედეგების ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ კონკრეტული საფუძვლებით იქნება შესაძლებელი.

კანონპროექტის თანახმად, ოქმის გასაჩივრება დასაშვები იქნება იმ შემთხვევაში, თუ მასში არ არის ასახული ან არასწორად არის ასახული საუბნო საარჩევნო კომისიების მონაცემები ან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები.

კანონპროექტით, თუ სარჩელი ამ საფუძვლებს არ ეყრდნობა, სასამართლო მას წარმოებაში არ მიიღებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი დასაშვებად იქნება ცნობილი და სასამართლო დაადგენს შესაბამის დარღვევას, მას შეეძლება ცესკოს საკუთარი შემაჯამებელი ოქმის შესწორება დაავალოს.

კანონპროექტით ასევე იცვლება საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებები. საოლქო საარჩევნო კომისიას შეეძლება საჩივრის ან განცხადების საფუძველზე გახსნას საუბნო საარჩევნო კომისიის დალუქული დოკუმენტაციის პაკეტები და ხელახლა დათვალოს ბიულეტენები. მას ასევე შეეძლება საუბნო საარჩევნო კომისიის შედეგების ბათილად ცნობა, თუ საარჩევნო უბანზე კანონი უხეშად დაირღვა.

ცვლილებები შეეხება საარჩევნო ოქმების შესწორების წესსაც. საუბნო და ცესკოს შემაჯამებელ ოქმებში მონაცემების შესწორება სპეციალური შესწორების ოქმით იქნება შესაძლებელი. კანონპროექტი განსაზღვრავს ამ ოქმების შედგენის, ხელმოწერისა და გამოქვეყნების წესებს.

კანონპროექტით, ცესკომ არჩევნების შედეგები კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-15 დღისა უნდა შეაჯამოს.

იცვლება დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის წესიც. საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებსა და ერთზე მეტ საარჩევნო ოლქში დამკვირვებელი ადგილობრივი ორგანიზაციების რეგისტრაციას ცესკოს თავმჯდომარე განახორციელებს, ხოლო მხოლოდ ერთ ოლქში დამკვირვებელი ადგილობრივი ორგანიზაციების რეგისტრაციას – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა რეგისტრაციისთვის განცხადება არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 დღისა უნდა წარადგინონ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა კი – არაუგვიანეს 7 დღისა.

ადგილობრივ ორგანიზაციებს დამატებით მოეთხოვებათ საჯარო რეესტრიდან ამონაწერის წარდგენა, ხოლო დამკვირვებელთა სიაში უნდა მიეთითოს მათი სახელი, გვარი, მისამართი და პირადი ნომერი და დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციას ერთ საარჩევნო უბანზე ერთდროულად არაუმეტეს ორი დამკვირვებელი შეიძლება ჰყავდეს.

ცვლილებები შეეხება საარჩევნო კომისიების წევრებსაც: შემაჯამებელ ოქმს ხელი უნდა მოაწეროს საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრმა. წევრს უფლება ექნება, ოქმს წერილობითი განსხვავებული აზრი დაურთოს, თუმცა ოქმზე ხელმოწერაზე უარი მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი იქნება.

კანონპროექტით, პოლიტიკური რეკლამის ბოლო წამზე საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება და ნომერი უნდა ჩანდეს. მაუწყებელს ეკრძალება ისეთი პოლიტიკური რეკლამის ეთერში გაშვება, რომელიც ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.

კანდიდატებსა და პარტიებს კანდიდატურის მოხსნის ან წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-17 დღისა შეეძლებათ.