კანონპროექტით მკვიდრდება ბუნდოვანი მოთხოვნა, რამაც შეიძლება მსუსხავი ეფექტი იქონიოს გამოხატვის თავისუფლებაზე - IDFI

პუბლიკა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საარჩევნო კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს ეხმაურება.

საუბარია კანონპროექტზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია ისეთი სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის ან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.

IDFI-ის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებში მონაწილეობის უფლების განუყოფელი კომპონენტია. ამ პროცესის შინაარსობრივი რეგულირება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, იმდენად, რამდენადაც მაღალია როგორც გამოხატვის თავისუფლების, ისე არჩევნებში მონაწილეობის უფლების დარღვევის საფრთხე.

„სააგიტაციო მასალის გავრცელება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად შეიძლება იწვევდეს ამომრჩევლის უარყოფით დამოკიდებულებას, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 და 24-ე მუხლებით. ამასთან, ინიცირებული კანონპროექტით მკვიდრდება ბუნდოვანი, არაერთგვაროვნად განმარტებადი მოთხოვნა, რამაც შეიძლება მსუსხავი ეფექტი იქონიოს გამოხატვის თავისუფლებაზე და, იმავდროულად, საარჩევნო სუბიექტთა თანასწორობაზე.

განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ კანონპროექტის ინიციატორების სურვილია კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება, რათა იგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე გავრცელდეს. არჩევნების პირველი და მეორე ტურების განსხვავებულ საარჩევნო ვითარებაში წარმართვას, ისევე, როგორც არჩევნების მეორე ტურებამდე რამდენიმე დღით ადრე წინასაარჩევნო კამპანიაზე შინაარსობრივი მოთხოვნების დაწესებას, უარყოფითი გავლენა ექნება წინასაარჩევნო გარემოს სტაბილურობაზე.

ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტს უნდა ჰქონდეს მოტივაცია, ხელი შეუწყოს ამომრჩეველთა ინფორმირებულობის ხარისხის ზრდას და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას, თუმცა აღნიშნული მიზნების მიღწევა ნაჩქარევად შემუშავებული და რეპრესიული მექანიზმებით წარმოუდგენელია“, – აცხადებს ორგანიზაცია.

IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს.


„ქართული ოცნების” დეპუტატების ავტორობითა და ინიციატივით, პარლამენტი საარჩევნო სააგიტაციო მასალებთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვას იწყებს. პროექტი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, დაუშვებელია ისეთი სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელება, რომელიც გამიზნულია საარჩევნო სუბიექტის ან საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შესაქმნელად.

პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ სააგიტაციო მასალის საჯარო სივრცეში გავრცელება დასაშვებია მხოლოდ პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო სუბიექტის მიერ ან პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო სუბიექტის დაკვეთით.

ამასთანავე, პოლიტიკური პარტიის /საარჩევნო სუბიექტის მიერ ან დაკვეთით გავრცელებული აღნიშნული სააგიტაციო მასალა არ უნდა შეიცავდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო სუბიექტის გამოსახულებას, სახელწოდებას, რიგით ნომერსა და სიმბოლიკას.

კანონპროექტში ახლებურადაა განმარტებული სააგიტაციო მასალის დეფინიციაც: სააგიტაციო მასალა – პლაკატი, დროშა ან ნებისმიერი სხვა მასალა, რომელზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ან რომელიც შეიცავს სხვა ისეთ ინფორმაციას, რომლის მეშვეობითაც საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის არჩევნებთან დაკავშირება არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯსა და დროს არ საჭიროებს.

აკრძალვა ვრცელდება ე.წ. სტაბილური ტერიტორიული განთავსების ტექნიკურ საშუალებასა (მაგალითად, სტენდი, შენობა-ნაგებობის ფასადი, სხვა უძრავი ნივთი/კონსტრუქცია) და სამგზავრო გადაყვანის ფარგლებში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე.