„ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძემ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა მის მიერ „კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო“.
ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი დელეგაციის წევრებთან ერთად გუშინ რუსთაველის გამზირზე მივიდა და აქციის მონაწილეებს გაესაუბრა.
„გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, – წერია „ოცნების“ მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ელინა ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა. ეუთო-ს თავმჯდომარე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე – „ქართული ოცნების“ წევრებს, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუშინ X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა:
„მე ახლა თბილისში, პარლამენტის წინ ვარ, სადაც მშვიდობიანი დემონსტრანტები ნელ-ნელა იკრიბებიან. ბევრი ადამიანი მოდის ევროკავშირის, NATO-ს, როგორც ჩანს, ფინეთის და რაც მთავარია, საქართველოს დროშებით. მიზეზი არის ის, რომ ეს ხალხი შეშფოთებულია იმ გეზით, რომელიც ქვეყანამ აიღო; იმით, რომ ართმევენ საბაზისო უფლებებს, დაწყებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებიდან. ეს ადამიანები იმსახურებენ ყველა ამ უფლებას და ჩვენ ვართ აქ, რომ მათ მხარი დავუჭიროთ“.
განახლება: ფინური გამოცემა Helsingin Sanomat-ის თანახმად, ელინა ვალტონენმა მათ უთხრა, რომ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა თავად გააუქმა.