კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება - ღარიბაშვილი სააკაშვილის შიმშილობაზე

პუბლიკა

„თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ წამყვანის შეკითხვას, რითი შეიძლება დასრულდეს სააკაშვილის შიმშილობა.

„ფინალი, არ ვიცი ახლა, ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს. ის კი არა, უფრო მეტიც: კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება.

თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას, ეს ერთი.

მეორე, რაც მინდა ვთქვა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ აბსოლუტურად. ჩემი დავალებით დამატებით ექიმების ჯგუფიც შევქმენით, ეს კონსილიუმი და ეს ყველაფერი ჩვენგანაა ორგანიზებული, იმის მიუხედავად, რომ მას, როგორც პატიმარს, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება გაეწია და ეწევა ყოველდღიურად, პენიტენციური სამსახურის მიერ.

ამის მიუხედავად, დამატებით, ჩვენ შევქმენით ექიმების ჯგუფი და ყოველდღიურად ახორციელებენ მონიტორინგს, კონსულტაციებს უტარებენ და გვაქვს სრული კომფორტი შექმნილი მისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერს გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა უპასუხა, რომ „როცა ადამიანი თავს იზიანებს, მოდით, შევთანხმდეთ, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს“.

რის პასუხადაც, ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში გლდანის ციხის საავადმყოფოში მოათავსებენ.

ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უნდა გააცნობიეროს, რომ დიდხანს იქნება ციხეში და საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ გლდანის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

„ახლა, 10 ათასი პატიმარი გვყავს ჩვენ, ყველამ რომ შიმშილობა დაიწყოს და ყველამ მოითხოვოს, რომ არ შეიძლება მათი საპატიმროებში ყოფნა და უნდა გადაიყვანონ კერძო კლინიკებში, წარმოგიდგენიათ რას მივიღებთ? ეს ხომ ქაოსია, ეს ხომ სახელმწიფო აღარ არის მაშინ?“ – თქვა ღარიბაშვილმა.