„ქართული ოცნება“ კანონს იღებს იმ არასრულწლოვანთათვის, რომელთაც 14 წელი არ შესრულებიათ, მაგრამ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული.
„კანონთა კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ – ასე ეწოდება კანონპროექტს, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა შეიმუშავეს.
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფ 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა გადამისამართებას რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრში, სადაც დაიგეგმება არასრულწლოვანთა ჩართვა სხვადასხვა სერვისსა და პროგრამაში.
ასევე, კანონით განისაზღვრება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელი იქნება 10-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა მოთავსება „არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში“.
მოქმედი კანონმდებლობით, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება არ შეიძლება ბრალად შეერაცხოს მას, ვისაც ჯერ არ შესრულებია 14 წელი.
კანონპროექტის ინიციატორთა განცხადებით, ის, რომ 14 წელს მიუღწეველი პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულზე არ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის მექანიზმი, წაახალისებს კანონსაწინააღმდეგო ქცევას. კანონპროექტის ავტორთა თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე შემუშავდა კანონი თანმდევ პროექტებთან ერთად.
„კანონპროექტი ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით მათ საჭირო სერვისში/პროგრამაში ჩართვას. აგრეთვე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ გადამისამართებას არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში, სადაც არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და დახმარების მიზნით, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იქნება სტრუქტურირებული და მართვადი გარემო.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები არ წარმოადგენენ სისხლისსამართლებრივ ღონისძიებებს. ისინი მიმართულნი არიან არა არასრულწლოვანის დასჯისკენ, არამედ მისი დახმარებისკენ“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.
რა წერია კანონპროექტში
კანონპროექტის მიხედვით, კანონის მოქმედება გავრცელდება იმ არასრულწლოვანზე, რომელთან მიმართებითაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება და ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია 14 წელი.
კანონპროექტით, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი განიმარტება შემდეგნაირად – არასრულწლოვანი, რომლის მიმართ პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია 14 წელი;
- იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შეიქმნება სსიპ „კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი“.
კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ ცენტრი იქნება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანების რეაბილიტაციის პროცესის წარმმართავი ორგანო.
რეაბილიტაციის სისტემაში გაერთიანდება ცენტრი, პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, განათლების სამინისტრო და საგანმანათლებლო დაწესებულებები.
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს ცენტრში პროკურორი გადაამისამართებს.
კანონპროექტის მიხედვით, ცენტრში შეფასდება არასრულწლოვანის საჭიროებები და დაიგეგმება მისი პროგრამებსა და სერვისებში ჩართვა და მონაწილეობის მონიტორინგი.
თუ არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენელი უარს იტყვის ცენტრთან კომუნიკაციაზე და თანამშრომლობაზე ან სხვაგვარად შეუშლის ხელს ცენტრის მუშაობას, ცენტრის მიმართვის საფუძველზე არასრულწლოვანს დაენიშნება წარმომადგენელი, რომელიც წარმომადგენლობით უფლებამოსილებას შეასრულებს.
ცენტრი არასრულწლოვანის შესახებ მოამზადებს ანგარიშს და წარუდგენს მულტიდისციპლინურ ჯგუფს, რომელიც განსაზღვრავს საჭირო სერვისებსა და პროგრამებს. ჯგუფის გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულო იქნება.
მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ ცენტრთან თანამშრომლობაზე უარი, ცენტრისთვის სხვაგვარად ხელის შეშლა ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის სერვისში/პროგრამაში ჩართვის თაობაზე მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით.
სერვისებში/პროგრამებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონაწილეობის საერთო ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და 12 თვეზე მეტი. აღნიშნული ვადა, საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებით, ყოველ ჯერზე, შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვის ვადით.
- იქმნება „არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლი“
სასამართლო გადაწყვეტილებით, რეაბილიტაციის სახლში გადამისამართდება 10-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა 10-დან 14 წლამდე ასაკში.
სახლში გადამისამართება მოხდება შემდეგი საფუძვლების შემთხვევაში:
-
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ალტერნატიული ზრუნვის მიზნით განთავსებულია სახელმწიფო ზრუნვაში და ვერ ხორციელდება სერვისის/პროგრამის შესრულება;
-
მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ხანგრძლივად უგულებელყოფა;
-
პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შემდეგ მის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას;
-
პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება არასრულწლოვანის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას (მიუხედავად იმისა, არასრულწლოვანი ჩართულია თუ არა სერვისში/პროგრამაში).
სახლში გადამისამართება დასაშვებია 6 თვემდე ვადით. აღნიშნული ვადა მულტიდისციპლინური ჯგუფის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს საჭიროებისამებრ, ყოველ ჯერზე 6 თვემდე ვადით.
დახურულ სასამართლო განხილვებზე დასწრების უფლება ექნებათ არასრულწლოვანს, არასრულწლოვანის ადვოკატს, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს, სოცმუშაკს და სასამართლოს მიერ მოწვეულ სხვა პირებს.
„სახლში ყოფნის პერიოდში ნებისმიერ დროს, თუ არასრულწლოვანის ამ სახლში ყოფნა აღარ არის აუცილებელი მისი რესოციალიზაციის, რეაბილიტაციის და მხარდაჭერის მიზნის მისაღწევად, უფლებამოსილი პირი მიმართავს მულტიდისციპლინური ჯგუფს არასრულწლოვანის სახლში გადამისამართების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
არასრულწლოვანი უფლებამოსილი იქნება თავისუფლად გადაადგილდეს დასახელებული სახლის ტერიტორიაზე, თუმცა გადამისამართების ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი თანხმობის გარეშე, დაუშვებელი იქნება მის მიერ სახლის დატოვება“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
კანონის ძირითადი ნორმები 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ აუცილებელი ხარჯები იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან დაიფარება.