ბორელი რუსულ კანონზე: ვიმეორებ, შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან

პუბლიკა

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ 22 აპრილს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად საქართველოში არსებული ვითარება განიხილა. ამის შესახებ მან საბჭოს დამთავრების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბორელი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ „ოცნების” მიერ პირველი მოსმენით მიღებული რუსული კანონი „არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს”.

„საგარეო მინისტრებმა შეშფოთება გამოხატეს „გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენის კანონთან“ დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებას პირობა ჰქონდა დადებული, რომ გაიწვევდა ამ კანონპროექტს, მაგრამ ეს დაპირება არ შესრულებულა.

მე და ევროკომისარმა ვარჰეიმ გამოვაქვეყნეთ განცხადება გასულ კვირას, რომელშიც ხაზი გავუსვით, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ევროკომისიამ უნდა წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში ამ მოვლენასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ ეს კანონი კვლავ წარუდგინეს პარლამენტს

ვიმეორებ, ეს [კანონპროექტი] შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

პარალელურად, „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი  სოციალურ ქსელში წერს, რომ საბჭოზე გაისმა მოწოდება, გაგზავნონ მინისტრები საქართველოში ვიზიტით, ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიონ ევროკავშირის მომდევნო საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე.

 

ცნობილია, რომ საგარეო საქმეთა საბჭოზე განხილული ძირითადი საკითხები, დღის წესრიგის თანახმად, იყო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინის დახმარება, ვითარება ახლო აღმოსავლეთში/ღაზაში და სუდანის ომი.

მომდევნო საბჭო 7 მაისსაა ჩანიშნული.