„კანვას-საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება. ის კითხვებს ადვოკატებთან ერთად პასუხობს. მელაძის მიერ გამოქვეყნებულ უწყებაში ჩანს, რომ გამოკითხვაზე ის მოწმის სახითაა დაბარებული.
მედიასთან საუბრისას მელაძე აცხადებს, რომ აღნიშნული პროცესები მთავრობის მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებასთან დაკავშირებული კანონის ინიციირების „მთავარი პრობლემის“ გადაფარვას ემსახურება.
„დღეს უკვე ყველაფერი ცხადია, დღეს მთავრობა ცდილობს, კბილებით გაათრიოს პოლიციური სახელმწიფოს კიდევ ერთი კანონი, რომლითაც შეზღუდავს მანიფესტაციისა და შეკრების უფლების არსებულ რეჟიმს და ალბათ ყველაფერს გააკეთებენ, მათ შორის ასეთი ყალბი სიუჟეტების მონტაჟის გავრცელებით, რომ მაქსიმალურად ყურადღება აარიდონ ამ მთავარ პრობლემას.
ძალიან ნერვიულობს, ფაქტია, რუსული აგენტურა ამ ქვეყანაში, რომ ნებისმიერი დემოკრატიული პროცესი იქნება მისთვის დამაზიანებელი და ყველანაირად ალბათ, ცდილობენ ხელის შეშლას.
ჩვენი ორგანიზაციის სახელი ყველგან საფრთხობელად უჭირავთ ავტორიტარულ რეჟიმებს და მართლა, თუ დაგუგლავთ ნახავთ, რამდენი ავტორიტარული მთავრობა ცდილობს ამ ორგანიზაციით დააშინოს აქტიური საზოგადოება“, – ამბობს მელაძე.
„კანვას-საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ნინო გოგიბერიძის განცხადებით, მთავრობის ნაბიჯები პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენება.
„ჩვენ მოგვიძღვნეს ორი ბრიფინგი, პოტენციურ დამნაშავეებად წარმოგვაჩინეს, დადგეს ცირკი და მაგალითად, ჩემი სერბი კოლეგები ქვეყნიდან გააცილეს ისე, რომ მათ არაფერი არ უთხრეს და ამავე ფონზე დადასტურებული ეფესბეს აგენტი ოთარ ფარცხალაძე… შესახებ ინფორმაცია არაფერი არ იცით, რამე წარმოდგენა გაქვთ, როგორ მიმდინარეობს გამოძიება, რა ხდება ამასთან კავშირში. მოკლედ, ეს არის რაღაც ფაბულა, რაღაც პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოყენებული ცირკი, რომლის მონაწილეები ვართ“. – ამბობს გოგიბერიძე მედიასთან საუბრისას.
ნინო გოგიბერიძე გამოკითხვაზე მოწმის სახით იყო დაბარებული.
სუსში 2 ოქტომბერს ითქვა, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სადაც გადამზადდა ჯგუფი, რომელსაც გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა ხელისუფლების დამხობის პროცესში.
სუსის ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს.„კანვას – საქართველო“ ამბობს, რომ ორგანიზაცია ხედავს ზეწოლას „კანვას – საქართველოს“ დირექტორის მიმართ და ასევე იმ აქტივისტების მიმართ, რომლებიც დაკავშირებული არიან ორგანიზაციასთან. აშშ-ის საელჩომ უწყების ბრალდებებს მცდარი უწოდა.