„კანვას- საქართველო” სუს-ის განცხადებას აფასებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორგანიზაცია ხედავს ზეწოლას კანვას საქართველოს დირექტორის მიმართ და ასევე იმ აქტივისტების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულები არიან ორგანიზაციასთან.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან მუქარა „კანვას – საქართველოს“ დირექტორის, გიორგი მელაძის მიმართ ჯერ კიდევ მარტის აქციების შემდეგ დაიწყო. მუქარის კამპანიის გაგრძელება კი იყო 18 სექტემბერს, სუს-ის მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომ ორგანიზაცია კანვასი მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებულ შეთქმულებაში მოქმედი ხელისუფლების დამხობის მიზნით.
„განცხადების გავრცელებიდან ათი დღის შემდეგ, 29 სექტემბერს სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა თბილისში ჩამოსული კანვასის წევრები სლობოდან ჯინოვიჩი და სინიშა შიკმანი, ასევე კანვასის ბელგრადის ოფისის თანამშრომელი ელენა ტანჩიჩი. გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ მათ რამდენიმე საათში საქართველოს ტერიტორია დატოვეს ისე, რომ არ გაუკეთებიათ ოფიციალური კომენტარი, რადგან გამოკითხვა გაუთანაბრდა სახელმწიფო საიდუმლოს და მონაწილეებზე გავრცელდა გაუთქმელობის ვალდებულება.
აღნიშნულ შემთხვევებს „კანვას საქართველო“ აფასებს როგორც ზეწოლას როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელზე, ის იმ აქტივისტებზე, ვინც ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, იღებენ განათლებას, ავრცელებენ ცოდნას სტრატეგიული არაძალადობრივი კამპანიების შესახებ.
მოვუწოდებთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვით დაინტერესებულ მხარდამჭერებს ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ფაქტს და საქართველოში მოქმედ, კერძო და საჯარო რელევანტურ სტრუქტურებთან და ინსტიტუტებთან ურთიერთობისას გაითვალისწინონ ეს თემა, როგორც ერთ – ერთი პრიორიტეტი. მიგვაჩნია, რომ ამგვარი მხარდაჭერა მნიშვნელოვნად დაეხმარება დემოკრატიის გაძლიერებით დაინტერესებულ აქტივისტებს საქართველოში”, – ნათქვამია განცხადებაში.