ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ნათია კაპანაძის შეფასებით, სასამართლომ ვერ გადაუხვია პოლიტიკურ დღის წესრიგს და ის სამართლებრივ ბრძოლას შემდეგ ინსტანციებში გააგრძელებს.
„მოსამართლის დღევანდელმა მსჯელობამ, თუ როგორ უყურებს ის საზოგადოებრივი მაუწყებელს, მე, პირადად, როგორც მოსარჩელე, დამარწმუნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ვერ გადაუხვია პოლიტიკურ დღის წესრიგს. ის დარჩა იმ შემოთავაზების ფარგლებში, რაც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა აჭარის მაუწყებელთან დაკავშირებით.
თუმცა დღეს, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლომ თქვა, რომ არ ეთანხმება მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებებს ჩემთვის ყველაზე პრინციპულ საკითხებში, ეს იყო შესყიდვასთან დაკავშირებული თემები; ეს იყო ცილისწამება ფინანსურ ხარჯთან დაკავშირებით. სასამართლომ, ფაქტობრივად, თქვა, რომ მრჩეველთა საბჭოს ეს შეფასებები ჩემ მიმართ იყო ცილისწამება, ყოველგვარი შესწავლისა და საფუძვლის გარეშე გამოხატული პოზიციები.
მოსამართლემ განმარტა, რომ სარჩელი პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობის გამო არ დააკმაყოფილა. მან დაუშვა დიდი შეცდომა – პროგრამული პრიორიტეტები ერთბაშად არ სრულდება. ეს არის პროცესი. პროგრამული პრიორიტეტები აპრილის თვისთვის დასრულებული არ იყო“. – განუცხადა „პუბლიკას“ ნათია კაპანაძემ.
მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას ის შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებს და ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებს.
„სამწლიანი დავის შემდეგ, ქართული მართლმსაჯულების პირობებში დღეს მე მივიღე ეს შედეგი. მოულოდნელი არ ყოფილა. ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ და ყველა შიდა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებ, რომ ჩემი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე სამართლებრივი ბრძოლითაც ვამტკიცო“, – ამბობს ნათია კაპანაძე.