გრიგორი კარასინის შეფასებით, საქართველოს პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიმართებით „დაბალანსებული“ იყო. კარასინმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ფაქტი რუსეთში „შეუმჩნეველი არ დარჩება“.
„გორჩაკოვის ფონდის“ ინფორმაციით, ამის შესახებ მან 24 მარტს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც დაახლოებით 40 ექსპერტი, პოლიტიკის მეცნიერები და მკვლევრები საქართველოდან და რუსეთიდან, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა, რომელიც დღესაც უნდა გაგრძელდეს, „გორჩაკოვის ფონდისა“ და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. მას დაესწრო რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინიც.
„გორჩაკოვის ფონდის“ ინფორმაციით, კარასინმა ისაუბრა რუსულ-ქართულ ურთიერთობაზე, გააანალიზა 2012 წლის შემდეგ საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელსა და მას შორის გამართული 26 შეხვედრა. აღნიშნა სავაჭრო ურთიერთობებში მიღეული წარმატებებები, მათ შორის, საქართველოსთვის მოხსნილი შეზღუდვები და თქვა, რომ ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას ნათელი მომავალი აქვს.
კარასინი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს, რომელიც „კრიზისად“ მოიხსენია და თქვა, რომ არ დაუშვებენ უკრაინის NATO-ში გაწევრებას.
„პოსტსაბჭოთა სივრცეს ტრადიციულ მეგობრებად ვუყურებთ. არსებულ ურთიერთობებს ურთიერთდახმარების ხასიათი აქვს. რუსეთი ყველგან მშვიდი მიდგომის მომხრეა. სანქციები „წვრთნის“ რუსულ სახელმწიფოს. ვინც ჩვენ პატიოსნად და სამართლიანად გვეპყრობა, ის მეგობრად რჩება. ჩვენთვის მიუღებელია, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდეს“, – თქვა კარასინმა.
„გორჩაკოვის ფონდის“ განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ კარასინმა იმედი გამოთქვა ჟენევის ფორმატის განახლების, რადგან ეს ერთადერთი პლატფორმაა, სადაც „საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს პირისპირ ელაპარაკებიან“.
ცალკეული საუბრები კი შეეხო საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს და ამ მხრივ არსებულ შესაძლებლობებს.